თენგიზ ცერცვაძე: ახალი შემთხვევების კლება სახეზეა, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა

თენგიზ ცერცვაძე: ახალი შემთხვევების კლება სახეზეა, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა

ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა და მივდივართ ახალი შემთხვევების კლებისკენ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებაც.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევების მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დღე-ღამეში საქართველოში 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.