გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი აცხადებს, რომ კონსულტაციებს დამატებით გამართავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციას მხარს დაუჭერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უმოკლეს პერიოდში ჩატარდეს.
„საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას აუცილებლად მხარს დაუჭერს, რადგან ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით უმოკლეს პერიოდში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ უკვე ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მრავალპარტიულ პარლამენტს ექნება ლეგიტიმური საშუალება, შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები როგორც სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, ასევე პროკურატურის სისტემის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იხილავენ. მანამდე კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.