თამარ გაბუნია: სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე

თამარ გაბუნია: სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე

ახალი ტალღების მოლოდინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს იქნება საჭირო.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთი სისწრაფით, რომელიც მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. მთავარი ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს დაგვჭირდება, ამისი ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე. მნიშვნელოვანია, ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი, ეს იქნება დაცვის საშუალება.

ასევე, ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით მზაობა მიმდინარეობს. იცით, რომ რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა გლობალურად ხდება. ახალი წამლები ჩნდება და ჩვენც რა თქმა უნდა, მივყვებით ამ სიახლეებს. ამ პრობლემის კიდევ ერთი გადაწყვეტა იქნება, რომ ახალი მედიკამენტების მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.