ალექსანდრე გოგინავა: უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ წარმოადგენს ამ ეტაპზე დაცვის საშუალებას, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

ალექსანდრე გოგინავა: უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ წარმოადგენს ამ ეტაპზე დაცვის საშუალებას, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

ვინც ახლა იმყოფება ზღვაზე, მინდა ვთხოვო, რომ დაიცვან დისტანცია, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, სადაც აუცილებელია, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

„ზოგადად უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ წარმოადგენს ამ ეტაპზე დაცვის საშუალებას. ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ დაინფიცირებისგან დავიცვათ ადამიანები პირველ რიგში მძიმე მიმდინარეობისგან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადის სწორი გამოყენება და იმ სივრცეებში გამოყენება, სადაც ეს აუცილებელია. ამიტომ ძალიან ცუდია, თუ პირბადის გამოყენება მოსახლეობაში 43%-მდეა დასული, რადგან ეს შემდეგ ეპიდსიტუაციაზე აისახება ხოლმე. ამიტომ თუ ჩვენ გვსურს, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები. გამოვიყენოთ პირბადე იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, ასევე ფიზიკური დისტანცირება ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ზღვის სეზონზე. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში საკურორტო ზონაში მობილობა გაზრდილია და ამიტომ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა იმყოფება ზღვაზე, მინდა ვთხოვო, რომ დაიცვან დისტანცია, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, სადაც აუცილებელია გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები. კიდევ ერთი, თუ ადამიანებს აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ეს იქნება ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი ან იყვნენ ახლო კონტაქტში კოვიდინფიცირებულთან, ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის მდგომარეობას და თუ ეს სიმპტომები გაუხანგრძლივდათ, ჩაიტარონ კორონავირუსზე ტესტი. სანამ მათი კორონასტატუსი იქნება ცნობილი, მანამდე მოერიდონ სხვა ადამიანებს, რადგან ჩვენ ასეთ დროს ძალაუნებურად დაავადებას ვავრცელებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.