აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს მუტაციები აქვს, რომელმაც ვაქცინებით წარმოებული ანტისხეულების დაცვას, შესაძლოა, გვერდი აუაროს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, თუმცა ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, ამჟამად კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.
1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს აკვირდება. კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია როგორც ინტერესის მქონე ვარიანტი.
B.1.621 პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა და მისი გავრცელება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა.
პანდემიის შესახებ ჯანმოს ყოველკვირეულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული შეიძლება იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ „მიუ“ ვარიანტის გლობალური გავრცელება სეკვენირებულ შემთხვევებს შორის შემცირდა და ამჟამად 0.1%-ზე ნაკლებია, კოლუმბიაში (39%) და ეკვადორში (13%) მისი გავრცელება მუდმივად იზრდება“, - ნათქვამია ჯანმოს ბიულეტენში.