ალექსანდრე მიშველიძე: მოძრაობა” სირცხვილია” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობენ

ალექსანდრე მიშველიძე: მოძრაობა” სირცხვილია” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობენ

მოძრაობა “სირცხვილიას” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” მიერ დაფუძნებული საარჩევნო კომისია პირდაპირ მიმართულია ცესკოს ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ, - აცხადებს ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე.

“ცესკოს იდენტური ვებ-გვერდის შექმნა და ხმების პარალელური დათვლა, სრულიად არაკომპეტენტური სუბიექტების მიერ, მაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არეულობის მცდელობა და საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაცია იქნება” - ამბობს მიშველიძე.

მისივე თქმით, პარალელურ დათვლებში გამობრძმედილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიზანმიმართულად გამოაქვეყნა ყალბი შედეგები და ახლა, საარჩევნო პროცესებში სრულიად გაურკვეველი და გამოუცდელი სუბიექტების მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები რეალობისგან მკვეთრად აცდენილი იქნება.

“სამართლიანი არჩევნები, რომელსაც არსებობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე შედეგების გამოქვეყნებას და ამ ფონზე, “სირცხვილიას” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” მიერ ხმების პარალელურ დათვლაზე არსებული პრეტენზია მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიმართ უნდობლობის გაჩენაა”, - აცხადებს მიშველიძე.

ალექსანდრე მიშველიძე შესაბამის სამსახურებს ურჩევს, დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების საქმიანობით და აუკრძელონ ცესკოს იდენტური ვებ-გვერდით ოპერირების უფლება.

“ვხედავთ, რომ აღნიშნული სუბიექტების მხრიდან ხდება ცესკოს მსგავსი ვებ-გვერდის გამოყენება. მიჩნდება განცდა, რომ ამ ორგანიზაციებს სურთ წარმოადგენდნენ ცესკოს ალტერნატივას და არჩევნებზე, დესტრუქციული ქმედებებით, ვითომ გაყალბებული ოქმების ატვირთით, შეუქმნან საზოგადოებას განწყობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა”.

ალექსანდრე მიშველიძე არ გამორიცხავს, ამ ორგანიზაციების მიერ კონკრეტული პარტიული დავალებების შესრულებას და არჩევნებზე დაძაბული გარემოს შექმნის მცდელობას.

“ყველა ვიცით, რომ “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბ-ნი ხუსკივაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მსხვილი შემომწირველი იყო და ახლაც, ადგილობრივ არჩევნებზე, ამ პარტიის დღის წესრიგით იმოქმედებს.
“მოძრაობა სირცხვილიას” ქმედებები, მათი წევრების რეპუტაცია და კვალიფიკაცია, საზოგადოებისთვის არახალია”, - დასძენს მიშველიძე.