Reuters: „თალიბანი“ აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლი დაამყარა

Reuters: „თალიბანი“ აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლი დაამყარა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი „თალიბანში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყოვლისშემძლე ალაჰის წყალობით, ჩვენ მთელ ავღანეთს ვაკონტროლებთ. პანჯშირი ახლა ჩვენი მეთაურობის ქვეშ არის“, - განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა მეთაურმა.

როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ავღანეთის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა, ტელეკომპანია Tolo News-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია, რომ ის ქვეყნიდან გაიქცა, სიცრუეა.

თავის მხრივ, პანჯშირის ხეობაში „ეროვნული წინააღმდეგობის ძალები“ თალიბების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

აღსანიშნავია, რომ პანჯშირი ავღანეთის ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც თალიბები არ აკონტროლებენ.

პანჯშირის ხეობა „ეროვნული წინააღმდეგობის ძალებს“ აქვთ დაკავებული. თალიბებმა ხეობაში ასეულობით მებრძოლი გააგზავნეს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.