საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შესაძლოა დამატებითი გარკვეული ტიპის შეზღუდვების ამოქმედების საჭიროება დადგეს. ამის შესახებ ექიმები საუბრობენ.
მოქმედ შეზღუდვებს უკავშირებენ ინფიცირების მაჩვენებლის კლებას, თუმცა საგანგაშოდ მიაჩნიათ ვირუსით ყოველდღიური გარდაცვალების ნიშნული. მედიკოსები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
"ქვეყანაში კვლავ და კვლავ რჩება ძალიან საყურადღებო მდგომარეობა, კოვიდის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები და ამ ფონზე განსაკუთრებით იზრდება ნებისმიერი ჩვენგანის დაინფიცირების რისკი.
თუ დაავადების პრევენცია და შეჩერება ვერ მოხერხდება, შესაძლებელია, კლინიკური სერვისის გადატვირთვის და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდეს გარკვეული დამატებითი შეზღუდვების შემოღება," - განუცხადა "რუსთავი 2-ს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.