დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ადამიანის, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე და ქვეყანაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„დღეს მე მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება და არა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ადამიანის, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე და სწორედ ამ გადმოსახედიდან საუბრობდა ქალბატონი სალომე ამ შემთხვევაში.
ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შესაძლო იარაღი იმისა, რომ „ოცნების" ხელისუფლებაში გონს მოვიდნენ. ამ თემებზე საუბრობს არამხოლოდ ოპოზიცია, არამხოლოდ სრულიად დემოკრატიული სამყარო, რომ ეს არის თვალთმაქცობა, რომ ევროკავშირთან ამ ტიპის ურთიერთობებით ქვეყანა შესაძლოა, გრძელვადიანად დაზიანდეს, არამედ მათივე მხარდაჭერით სახელმწიფოს მეთაურად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ახლა ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება არსებობდეს კეთილგონიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს, გაიაზროს, რამხელა შეცდომებს უშვებენ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას დაგვიანებული უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ კარგია ენმ-მ ეს ნაბიჯი მაინც რომ გადადგა.
„ლელო" ამის თაობაზე თავიდანვე ძალიან მკაფიოდ საუბრობდა, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო თავიდანვე. კარგი ამბავი ის არის, რომ ნელ-ნელა პრაქტიკულად ყველა ამ რელსებზე გადმოვიდა. ძალიან ცუდია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ფორმალური შეერთება დააგვიანა, კარგია, რომ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავიდანვე ყველა ამ საკითხში რომ ვყოფილიყავით ერთიანი ოპოზიციის მხრიდან, „ქართულ ოცნებას" კიდევ უფრო გაუჭირდებოდა იმ პირობების არ შესრულება, რაც დღემდე არ შეასრულა",- განაცხადა უსუფაშვილმა.