აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ ვარიანტს. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის მას უშუალო საფრთხედ არ მივიჩნევთ“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციების ერთობლიობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული ანტისხეულების თავიდან აცილება შეუძლია.
„დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, როდესაც გვაქვს ვარიანტები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებენ, ვაქცინები კვლავ საკმაოდ ეფექტურია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს აკვირდება. კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია როგორც ინტერესის მქონე ვარიანტი.
B.1.621 პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა და მისი გავრცელება სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა.
პანდემიის შესახებ ჯანმოს ყოველკვირეულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული შეიძლება იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ „მიუ“ ვარიანტის გლობალური გავრცელება სეკვენირებულ შემთხვევებს შორის შემცირდა და ამჟამად 0.1%-ზე ნაკლებია, კოლუმბიაში (39%) და ეკვადორში (13%) მისი გავრცელება მუდმივად იზრდება“, - ნათქვამია ჯანმოს ბიულეტენში.