სოზარ სუბარი:  იმდენად სასაცილო და რეალობას მოწყვეტილი წერილია, პასუხი არ მიგვაჩნია სერიოზულად, თუ საჭირო გახდა კიდევ ერთხელ განვუმარტავთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს პოზიციას

სოზარ სუბარი:  იმდენად სასაცილო და რეალობას მოწყვეტილი წერილია, პასუხი არ მიგვაჩნია სერიოზულად, თუ საჭირო გახდა კიდევ ერთხელ განვუმარტავთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს პოზიციას

„ქართული ოცნება“ არის პირველი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც მართლა გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან და ევროპასთან დაახლოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ის თავსებადობა, რაც საქართველოს კანონმდებლობას აქვს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება, რომელიც გაავრცელა ოპოზიციის ნაწილმა, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“ მიერ დღეს ხელმოწერა გაუქმებული და ანულირებუი დოკუმენტის, დროსა და სივრცეშია აცდენილი.

„ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი იყო მოეხდინა დეპოლარიზაცია და ამ წერილით, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანი არის სრული პოლარიზაცია ქვეყანაში, სრული დაპირისპირება და არანაირ დათმობაზე, არანაირ დიალოგზე, სიმშვიდის შემოტანაში ჩვენს საზოგადოებაში არ მუშაობენ და შემთხვევითი არ იყო ის წამოცდენა თუ შეგნებული განაცხადი, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, რომელმაც თქვა რომ ცოცხებით უნდა დაასუფთაონ ეს ქვეყანა. ცოცხი ელანდებათ ცნობიერში, ცოცხი ელანდებათ ქვეცნობიერში, ცოცხების ტყვეობიდან ვერ გამოდიან და იმ დროს მისტირიან, როცა მართლა ათეულობით ათას ადამიანს აწამებდნენ ციხეში და ტერორის ქვეშ ჰყავდათ მთელი საზოგადოება.

ზოგადად, ეს იმდენად სასაცილო და რეალობას მოწყვეტილი წერილია ამაზე პასუხი ამ წუთისთვის მართლა არ მიგვაჩნია სერიოზულად და საჭიროდ. თუ საჭირო გახდა კიდევ ერთხელ განვუმარტავთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს პოზიციას. რაც შეეხება ორ ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაინახავს ქართველი ხალხი ვის მისცემს ხმას, ამას დაინახავს საერთაშორისო საზოგადოებაც და ჩვენი საზოგადოებაც. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპოზიციონერებმაც. ამიტომაც არიან რომ ისინი პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიას არც აწარმოებენ, არც კი გადიან ხალხში, არ აქვთ რეკლამები. რატომ? იმიტომ, რომ იციან, აქვთ წაგებული. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ ველოდები ამ წერილზე სერიოზულ გამოხმაურებას. ყოველთვის არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელთაც აქვთ ყოველთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვები და ამ ხედვებს აჟღერებენ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ამას შევეჩვიეთ და ნორმალური პროცესია. ეს არის არასერიოზული წერილი არასერიოზულ დროს დაწერილი და ამ წერილის მიწერა მართლა სერიოზულ ადრესატებთან არის რეალობას მოწყვეტილი. თუ იქნება საჭიროება, რეაგირებაც გვექნება“, – განაცხადა სუბარმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.