თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ შუამავალთან, რომელმაც მმართველ პარტიაში ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნება გააკეთა, კომუნიკაცია არ შედგა.
როგორც ის ამბობს, ყოფილ თანაგუნდელებთან ამ კავშირზე და თანამშრომლობაზე წასვლა აბსურდია.
„როგორც თავად თქვეს, გარკვეული შუამავლების მეშვეობით მოხდა ამ საკითხის შემოთვლა, რომელსაც ცხადია, ვერ ექნებოდა ვერანაირი გაგრძელება იმიტომ, რომ ჩვენ ყოფილ თანაგუნდელებთან, მითუმეტეს, ისეთთან, ვინც გადამწყვეტ დროს გუნდს უღალატა, ცხადია, არც ფინანსურ და არც სხვა საკითხებზე კომუნიკაციაში არ შევალთ. მან თავად გადაწყვიტა, რომ გუშინ მერობის კანდიდატად დაეყენებინა თავი, ამიტომ გააგრძელოს თავისი პოლიტიკური გზა, შეხვდეს თბილისელ ამომრჩეველს და ვნახავთ 2 ოქტომბერს, რა შედეგით დამთავრდება ეს არჩევნები“, - განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი არ ამბობს, ვისთან ან როდის შედგა კომუნიკაცია თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“.
„ამაზე მეტს მე ვერ გეტყვით, იყო ეს კომუნიკაცია, რომელმაც არანაირი სახე არ შეიძინა, რადგან ამ კავშირზე და თანამშრომლობაზე წასვლა აბსურდია. არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, აქვს კალაძეს ეს ინფორმაცია თუ არა. როგორც კობახიძემ განაცხადა, იყო გარკვეულია შუამავლების მხრიდან ამაზე მინიშნება, რომელზეც ჩვენგან იყო და არის პასუხი, რომ ამაზე კომუნიკაცია არც საინტერესოა, არც გვჭირდება და არის აბსურდი. წერტილი“, - განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს“.