„თალიბანი“: ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობები გვსურს

„თალიბანი“: ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობები გვსურს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ „თალიბანს“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობები სურს.

„მსოფლიოს დასკვნები უნდა გამოეტანა. ეს გამარჯვების სასიამოვნო მომენტია. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები გვქონდეს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოსთან. ჩვენ მივესალმებით მათთან კარგ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება ოკუპირებული და ეს ქვეყანა დარჩება აყვავებული, თავისუფალი და ისლამური წესით მართული“, - აღნიშნა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

„ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გაყვანის დასრულებასა და ამერიკის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დაუცველი ავღანელების ევაკუაციის მისიის დასრულებას ვაცხადებ“, - განაცხადა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.

ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.