გურამ მაჭარაშვილი: მინდა დავამშვიდო ოპოზიცია - „ქართული ოცნების“ მიერ არ იგეგმება კურსის შეცვლა, არც ევროკავშირის მხრიდან იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯები

გურამ მაჭარაშვილი: მინდა დავამშვიდო ოპოზიცია - „ქართული ოცნების“ მიერ არ იგეგმება კურსის შეცვლა, არც ევროკავშირის მხრიდან იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯები

მინდა დავამშვიდო ოპოზიცია - „ქართული ოცნების“ მიერ არ იგეგმება ისეთი გადაწყვეტილება, რომ კურსი შეიცვალოს, არც ევროკავშირის მხრიდან იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე ოპოზიციაში გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპონენტებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკა უხარიათ. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს.

„გასაგებია, რომ მათ აქვთ სამწუხაროდ, სიხარული, თუკი ოდნავ კრიტიკას გაიგებენ საქართველოს მიმართ. თუკი არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ოდნავი კრიტიკა იქნება, ეს არის მათთვის სიხარულის მიმნიჭებელი. საზოგადოება კარგად ხედავს თუ როგორ უჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საქართველოს განვითარებას ევროატლანტიკურ სივრცეში და რას აკეთებს ოპოზიცია, დადის ევროკავშირში და ხან ვიზალიბერალიზაციაზე ამბობდა, რომ არ უნდა მიეცათ საქართველოსთვის, ზოგი კი ამბობს, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის და ა.შ. თუმცა, ფაქტი არის ერთი, მანამ სანამ ოპოზიციაში არ ჩამოყალიბდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად გაგვაკრიტიკებენ, მანამდე იქნება დეზინფორმაციები, მაგრამ საქართველო რომ ევროკავშირისკენ მიდის, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა. დღეს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ამ დახმარებაზე უარს იტყვის, რადგან წელს საგარეო ვალის შემცირება უნდა დაიწყონ.