ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ის რომ გლდანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ შტაბს ვხელმძღვანელობ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გლდანში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გლდანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, ძალიან ძლიერი კანდიდატი - კოტე ზარნაძე. ის დაბადებულია და გაზრდილია გლდანში, მას იცნობს ოლქის თითქმის მთელი მოსახლეობა და აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ადამიანი წლების განმავლობაში გამგეობაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და იცის თითოეული უბნის პრობლემა. ის აქტიურად იყო ჩართული კახა კალაძის გუნდის პროექტების განხორციელებაში. ათასობით პროექტია განხორციელებული ბოლო 4 წელიწადში გლდანის ოლქში - იქნება ეს გზების დაგება, საკანალიზაციო მილების გამოცვლა, 150-ზე მეტი სკვერის მოწყობა-გარემონტება თუ სხვა პროექტები. ჩვენ გვაქვს მოსახლეობასთან დიალოგი იმის თაობაზე, თუ რამდენი რაღაცის გაკეთება გვინდა მათთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ კოტე ზარნაძეს, კახა კალაძეს და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა გლდანში და ჩვენ 2 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა მიქანაძემ.