ოპოზიციის შავი ოცნება, რომ პანდემია გავრცელდეს და სანქციები დაუწესდეს საქართველოს, რომ აპოკალიფსურ სურათში სარგებელი ნახონ, ფუჭია - მოვუწოდებ ყველას, ნუ იხელმძღვანელებთ ოპოზიციის აღქმებით, თუ მათი აღქმების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ქვეყანა დასაწვავია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება და ყველა რეფორმა აუცილებლად ბოლომდე მივა.
"საქართველო გამარჯვებული გამოვა. ყველა ის რეფორმა, რომელზეც ჩვენ შარლ მიშელთან მოლაპარაკების დროს თუ ისედაც აღებული გვქონდა, ვახორციელებდით, ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ. ყველა მიმართულებით სასამართლო, საარჩევნო სისტემაში, მეწარმეობის კანონის მიხედვით და ა.შ. ვნახავთ რომ უარღესად რეფორმატორული საკანონმდებლო ცვლილებები არის ქვეყანაში. პოლიტიკას უფრო დიდი ადგილი ეთმობა, ვიდრე რეალურ შეფასებებს. ჩვენ თუ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ კანონიც კარგია, გამჭვირვალობაც კარგია, მაგრამ აღქმებია ცუდი, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნუ იხელმძღვანელებთ ოპოზიციის აღქმებით, იმიტომ რომ ოპოზიციის აღქმა მენტალურად დაზიანებულია. ისინი ამ ქვეყანაში ერთ დარგულ ხესაც კი ვერ ხედავენ. თუ ჩვენ აღქმას მათი აღქმების მიხედვით ჩამოვიყალიბებთ, მაშინ ეს ქვეყანა რა თქმა უნდა, დასაწვავია, თუ ასეთი აღქმების მიხედვით ვიმსჯელებთ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მაკროფინანსური დახმარების საკითხზე იყო საუბარი. მათი თქმით, თუ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდება, დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს.