სენატორი ლინდსი გრემი: ჯო ბაიდენი იმპიჩმენტს იმსახურებს

სენატორი ლინდსი გრემი: ჯო ბაიდენი იმპიჩმენტს იმსახურებს

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის მართვის გამო, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადონ.

„ვფიქრობ, რომ ჯო ბაიდენი იმპიჩმენტს იმსახურებს, რადგან მან ათასობით ავღანელი მიატოვა, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და ის ზოგიერთი ამერიკელი მოქალაქის მიტოვებას აპირებს, რადგან „თალიბანს“ 31 აგვისტომდე დანებდა“, - აღნიშნა სენატორმა.

24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის მისიის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევაკუაციის მისიის დროულად დასრულება თალიბების ქმედებებზეა დამოკიდებული.

ავღანეთში განვითარებული კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 41%-მდე დაეცა. აღნიშნულს USA TODAY/Suffolk University-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.