ჯო ბაიდენი: აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის მისიის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს

ჯო ბაიდენი: აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის მისიის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის მისიის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევაკუაციის მისიის დროულად დასრულება თალიბების ქმედებებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ამჟამად 31 აგვისტოსთვის მისიის დასრულებას ვუახლოვდებით. მე მტკიცედ ვარ განწყობილი. ჩვენი მისია უნდა დავასრულოთ. 31 აგვისტოსთვის ევაკუაციის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა „თალიბანი“ თანამშრომლობას. რაც მალე დავასრულებთ, მით უკეთესი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დროულად დასრულება შეუძლია.

„მისიის ვადები, რომელიც თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, არ შეცვლილა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს.

ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, „თალიბანი“ ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებას არ დაეთანხმება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.