N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე COVID-19-ით ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო

N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე COVID-19-ით ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფიცირების შემთხვევების (უსიმპტომო ან/და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები) მართვის მიზნით,  N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სივრცე მოაწყო და  ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.

კოვიდინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ  სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მართვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა მომზადების კურსი. ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ნაკადების ადეკვატურ მართვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას, დაბინძურებული და სუფთა ზონების გამიჯვნას, დეზინფექციის მოთხოვნების თავისებურებასა და მისი მკაცრად დაცვის უზრუნველყოფას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციისა და გამოვლენილი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებით.