დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი: თუ „თალიბანს“ სივრცეს მივცემთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დღევანდელი „თალიბანი“ უფრო ზომიერია - ვფიქრობ, რომ ისინი შეიცვალნენ

დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი: თუ „თალიბანს“ სივრცეს მივცემთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დღევანდელი „თალიბანი“ უფრო ზომიერია - ვფიქრობ, რომ ისინი შეიცვალნენ

დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ დღევანდელი „თალიბანი“ უფრო ზომიერი შეიძლება იყოს, ვიდრე 90-იანი წლების „თალიბანი“.

„ევაკუაციის პროცესში „თალიბანი“ ბრიტანულ ძალებთან თანამშრომლობს. ისინი ქაბულის ქუჩებზე სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ინარჩუნებენ. ასევე აეროპორტში გვეხმარებიან. არ მიგვიღია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თალიბები ისე იქცევიან, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“, - აღნიშნა ბრიტანელმა გენერალმა.

ნიკ კარტერის თქმით, „თალიბანს“ მთავრობის შესაქმნელად სივრცე უნდა მიეცეს.

„მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და „თალიბანს“ მთავრობის შესაქმნელად სივრცე უნდა მივცეთ. შესაძლოა, დღევანდელი „თალიბანი“ განსხვავდებოდეს იმ „თალიბანისგან“, რომელიც ხალხს 90-იანი წლებიდან ახსოვს. თუ მათ სივრცეს მივცემთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დღევანდელი „თალიბანი“ უფრო ზომიერია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ერთგვაროვანი ორგანიზაცია. ის ახლა ნაკლებად რეპრესიულია. მართლაც, თუ შეხედავთ იმას, თუ ამჟამად როგორ მართავენ ქაბულს, არის იმის გარკვეული მინიშნებები, რომ ისინი უფრო ზომიერები არიან. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ საერთაშორისო დონეზე კვლავ გარიყულები გახდნენ. ვფიქრობ, რომ ისინი შეიცვალნენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.