თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ახლა ავღანეთში ხდება

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ახლა ავღანეთში ხდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ იხსნის პასუხისმგებლობას ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე და იმაზე, რაც ახლა ავღანეთში ხდება, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

კითხვაზე, იღებს თუ არა ბაიდენი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანაზე, არამედ „იმ ქაოსზეც, რომელიც ევაკუაციის დროს ხდებოდა“, სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენი იღებს პასუხისმგებლობას ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-მა ავღანეთთან დაკავშირებით მიიღო.

მისივე თქმით, ამ პასუხისმგებლობას იღებენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრები, მრჩევლები, თანაშემწეები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები.

„ჩვენ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდი, კოლექტიურად ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც კარგ გადაწყვეტილებებზე, ასევე ისეთებზე, რომლებსაც იდეალური შედეგები არ მოაქვთ“, - განაცხადა ბაიდენის თანაშემწემ.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

Ninja და რაში გამოიხატება ეგ პასუხისმგებლობა. ამერიკულ კერძო კომპანიაში დასაქმებული ქართველი სამხედროები რატომ მიატოვეთ და არ გამოიყვანეთ.
3 წლის უკან
amo პასუხისმგებლობა ის იქნებოდა რომ გადამდგარიყო. არ არსებობს სხვაგვარი პასუხისმგებლობა! ვერ გავთვალეთ მოსალოდნელი შედეგებიო? რა ვერ გათვალეთ, ის რომ ავღანეთი ჯერ არავის დაუმარცხებია? ამას რა გათვლა უდოდა? არ ვიცოდით, ვერ გავთვალეთ საბჭოთა კავშირის დაშლა ამდენ უბედურებას თუ მოიტანდაო! ? იქით ჩინეთმა ვერ გათვალა კორონა! ჰოდა იმიტომაცაა მსოფლიო დალაგებული.
3 წლის უკან
Katana . ნაცმოძრაობის ლიდერებიც ხომ ამას გაიძახიან:
- ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ!
- ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა დაშვებული!
მორჩა!
ეს არის ფრაზა-პანაცეა: აიღე "პასუხისმგებლობა" რაზეც გნებავს და არხეინად გააგრძელე ცხოვრება! - აკეთე, რასაც აკეთებდი!..
3 წლის უკან