საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაა საჭირო.
„საქმე არ ეხება ოფიციალურ აღიარებას, არამედ მათთან ურთიერთობას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან, რადგან თავიდან ავიცილოთ საიმიგრაციო და ჰუმანიტარული კატასტროფა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.