„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი: მსოფლიოს ლიდერები ვალდებულნი არიან ავღანეთს აღდგენაში დაეხმარონ

„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი: მსოფლიოს ლიდერები ვალდებულნი არიან ავღანეთს აღდგენაში დაეხმარონ

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ლიდერები ვალდებულნი არიან ავღანეთს აღდგენაში დაეხმარონ.

„მსოფლიოს ყველა ლიდერმა პატივი უნდა სცეს ავღანეთის ხალხის მისწრაფებებს. ავღანეთის ხალხი თავისუფლებისთვის სიცოცხლის ფასად იბრძოდა. მათ პატივი უნდა სცენ ავღანეთის ხალხის მისწრაფებებსა და ნებას და დაეხმარონ ავღანეთის ხალხს ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს მათი ვალდებულებაა, რადგან ისინი 20 წლის განმავლობაში ავღანეთის განადგურების უკან იდგნენ. მათი მორალური ვალდებულებაა აღადგინონ ავღანეთი და დაეხმარონ ხალხს ახალი ცხოვრების დაწყებაში“, - აღნიშნა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.