კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელმა ანა კასრაძემ გამართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესწრებოდა, რომელმაც, როგორც თსუ პროფესორმა, ბიოლოგმა აქცენტი გააკეთა ვაქცინაციის მნიშვნელობასა და საზოგადოებისთვის ამ კუთხით სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ZOOM პლატფორმის საშუალებით NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ ონლაინ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ კოვიდსიტუაციაზე, აცრილთა და აუცრელთა დაავადების სტატისტიკაზე, ვაქცინაციის პროცესზე, ვაქცინების სახეობებზე, გვერდით მოვლენებზე, ანტივაქსერულ მითებზე და სხვა.
შეხვედრის მოდერატორის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის განცხადებით, თსუ მხარს უჭერს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს და პოპულარიზაციას უწევს მას. მისი თქმით, სტუდენტებსა და თანამშრომლებს სისტემატურად მიეწოდება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ; ამ დროისთვის თსუ თანამშრომელთა 45 პროცენტი ვაქცინირებულია.
NCDC-ის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების, ბუსტერის შესაძლებლობის, შესაძლო ალერგიული რეაქციების, ანაფილაქსიური შოკის, კოვიდპასპორტისა და სხვა საკითხების შესახებ.