ანალიტიკოს ალექსანდრე მიშველიძის თქმით, პარტიული ტელევიზიები ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უპირობოდ გაყალბდება და მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
“თითქმის სრულყოფილმა საარჩევნო სისტემის რეფორმამ და საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესმა, მართულ ტელეკომპანიებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მათ კვლავ გამოავლინეს სრული უმეცრება და განაცხადეს, რომ ოზურგეთში, ყველა საარჩევნო უბანში, თორმეტივე წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებით კომპლექტდება.
პარტიულმა ტელევიზიები დაცლილები არიან ობიექტურობისგან, ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და მიზანმიმართულ მავნებლობას აღარ ერიდებიან. სავარაუდოდ, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კანონმდებლობით კომისიის შემადგენლობა 17 წევრისგან შედგება”- აცხადებს ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე.
“მთავარი არხი”, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის პრესცენტრის ფუნქცია დიდი ხანია შეითავსა და პირდაპირ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული განშტოებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იგივე პლაგიატს გამოიყენებს, რასაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყენებდა, თანაც არაკომპეტენციით ან/და მიზანმიმართული მავნებლობით სრულიად უგულებელყოფს საკანონმდებლო ჩანაწერებს და კვლავ არალეგიტიმურ არჩევნებზე დაიწყებს საუბარს, - ვარაუდობს მიშველიძე.
მიშველიძის თქმით, გასულ წელს, ვიხილეთ, რომ “მთავარი არხი” უკრაინული IPSOS-ის ყალბ კვლევას ერთადერთ და უტყუარ მტკიცებულებად ასაღებდა.
„არხის ხელმძღვანელი იმდენად შორს წავიდა, პირდაპირ მოითხოვდა - ცესკოს უარი ეთქვა საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე, დაყრდნობოდა ყალბ კვლევებს და ერთადერთ ჭეშმარიტებად მხოლოდ ამ არხის დაკვეთილი კვლევა ეცნო.
როგორც ცნობილია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში, სწორედ მსგავს კვლევებს იყენებდნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და შემდეგ ხელისუფლების ნოტარიატად არსებული ცესკო მთავრობისთვის მისაღებ შედეგებს უბრალოდ აფორმებდა.
მათ უბრალოდ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ ცესკოს დღევანდელი ადმინისტრაცია პარტიული გავლენებისგან სრულიად დაცლილია და თითქმის სრულყოფილი საარჩევნო სისტემის რეფორმა არა თუ არჩევნების გაყალბების, არამედ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრის საშუალებასაც კი აღარ იძლევა. აღნიშნულზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელიც თანხმდება” - დასძენს ალექსანდრე მიშველიძე.
მიშველიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო პროცესის და ცესკოს ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, პარტიული ტელევიზიების ნარატავი მართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოიყენონ.
“საპარლამენტო არჩევნებზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგი “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების იდენტური იყო, რაც ამომრჩევლებს ამ სუბიექტებს შორის არსებულ კავშირებზე კითხვის ნიშნებს დიდი ხანია აღარ უჩენს” - აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე.