„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამი ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები კოორდინაციითა და ოპოზიციური ერთობით არ არიან შერჩეულნი.
„მათ არავისთან კოორდინაციის სურვილი არ გამოუხატავთ. ეს ფართო ოპოზიციურ ერთობასაც არ მოიცავს. ოპოზიციის ინ ნაწილი, რომელიც, ისტორიულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, ერთად გეგმავს კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ. ეს ე.წ. „ტაქტიკა“ იმდენად არასწორად მიმაჩნია, რომ ვფიქრობ, რაღაც სხვა ხდება. შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან და მისი წაგება უნდათ, თორემ, სხვანაირად, ასეთი კამპანია როგორ უნდა ჩაატარონ, ფიზიკურად არ მესმის“, - ამბობს იაგო ხვიჩია.
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ევროპულმა საქართველო“-მ, „გირჩი - მეტი თავისუფლება“-მ და ელენე ხოშტარიას „დროა“-მ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილის პარტიას დედაქალაქში მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ჰყავს, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან სამგორში - დათო ჟღენტი, ისანი - ბესო დონაძე და ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი, „დროა“-დან გლდანში თავად ელენე ხოშტარია, ვაკეში ბათუ ქუთელია იქნება კანდიდატი, კრწანისი - თამაზ ახობაძე. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პარტიას; დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდა - თენგიზ კირთაძე და საბურთალოზე კანდიდატია - ბორის ყურუა.