პრეზიდენტი ბაიდენი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ავღანეთიდან გასვლას შეუდგა, თუმცა ის პირველია, ვინც ეს ჩვენი ინტერესების, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი უახლოესი მეგობრების დაცვის ყოველგვარი მკაფიო გეგმის გარეშე გააკეთა, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.
„ჩვენი კონტრტერორისტული პრიორიტეტების გათვალისწინების გარეშე მიღებული ეს ნაჩქარევი პოლიტიკური გადაწყვეტილება ავღანეთს საშუალებას მისცემს შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელების მომავალი პლატფორმა გახდეს. ეს შედეგი ვერ უზრუნველყოფს ამერიკის უსაფრთხოებას. „თალიბანი“ ყოველთვის იყო და იქნება ტერორისტული ორგანიზაცია და ის მხარს დაუჭერს „ალ-ქაიდას“ აღორძინებას. ჩვენ არ შეგვიძლია „თალიბანი“ ან მისი ლიდერები ლეგიტიმურ მთავრობად განვიხილოთ. ქაბულის აეროპორტში სიტუაციის გამწვავება მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ცოტას ფიქრობდა ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკის ინტერესებზე. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ავღანელი მეგობრებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახმარება უკიდურესად სჭირდებათ. ავღანეთის ხალხი და განსაკუთრებით ქალები და ბავშვები არ იმსახურებენ იმ სასტიკი ჩაგვრის დაბრუნებას, რომელიც „თალიბანის“ მმართველობას მოჰყვება. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ პასუხი უნდა აგონ ამ კატასტროფაზე. ასე არ უნდა მომხდარიყო“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.