24 წლის ავღანელი უფლედამცველი, მალალა იუსაფზაი, რომელსაც 15 წლის ასაკში, იმის გამო ესროლეს, რომ განათლების მიღება სურდა და მედიასთან ღიად საუბრობდა ავღანეთში ქალთა უფლებების რღვევაზე, სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
„შოკირებულები ვართ ავღანეთზე „თალიბანის“ კონტროლის გამო. ძალიან ვღელავ ქალებზე, უმცირესობებსა და ადამიანის უფლებების დამცველებზე. გლობალურმა, რეგონულმა და ადგილობრივმა ძალებმა უნდა უნდა მოითხოვონ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, უზრუნველყონ გადაუდებელი ჰუმანიტარლი დახმარება და დაიცვან ლტოლვილები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, - წერს ის.
მალალა, რომელიც ახლა უკვე 24 წლისაა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელია, 2012 წლის 9 ოქტომბერს დაჭრეს. მანამდე ის 11 წლის ასაკში ცნობილი გახდა ბლოგით, რომელსაც BBC-ზე აქვეყნებდა.
ბლოგში ის თავის შესახებ და პაკისტანში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ წერდა, აკრიტიკებდა „თალიბანის“ მოძრაობას და ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების მიღების უფლებების მოთხოვნებს აყენებდა. სწორედ ამიტომ, მისი მოკვლა თალიბანმა მაშინ სცადა, როდესაც სკოლაში ავტობუსით მიდიოდა. გამოსაჯანმრთელებლად მას ორი რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა.
ახლა ის დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.