როგორც ასეთი, ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. იგი დემორალიზებული და დაქსაქსულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებსა და ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განუცხადა.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებული ორგანიზაციაა, ამის ნათელი დადასტურება იყო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ წარდგენაზე ერთი მხრივ, იხილა პრაქტიკულად იგივე სახეები, და მეორე მხრივ, ოჯახური კანდიდატების ნომინირება. მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, ეს არის ერთგვარად წარდგენა - წარდგენისთვის. როგორც ასეთი, ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. იგი დემორალიზებული და დაქსაქსულია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაა, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. არ დასახელებულა ფოთის მერობის კანდიდატი, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატი თინა ბოკუჩავა უნდა ყოფილიყო.