„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატების უმეტესობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაა შეთანხმებული.
„გუშინ 29 მუნიციპალიტეტში წარვადგინეთ კანდიდატი. მათგან უმეტესობა საერთო ოპოზიციური, უკვე შეთანხმებული კანდიდატია. ამ დღეების განმავლობაში ვისაც წარვადგენთ, მათ შორისაც იქნებიან საერთო კანდიდატები. ასევე, იარსებებენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც. იქაც, ოპოზიცია თანხმდება, რომ მხარი დაუჭირონ მათ, სადაც არავინ არაფერს არ დააყენებს. ფოთში, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ეს თინა ბოკუჩავა იქნება თუ სხვა, სამომავლოდ შეიტყობთ“, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაა, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. არ დასახელებულა ფოთის მერობის კანდიდატი, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატი თინა ბოკუჩავა უნდა ყოფილიყო.