„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის საკადრო რესურსი, რომ სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას-ოპოზიცია ფაქტობრივად გაბანკროტებულია“,- ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენას.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია ძირითადად აწყობილი იქნება იმაზე, რომ ხალხში დესტრუქცია გააღვივონ.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის ნათელი მაგალითი და დემონსტრირება, რომ ოპოზიციას კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის საკადრო რესურსი, რომ რაიმე სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას. განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ. ეს გვაჩვენებს, რომ მათთვის, როგორც ასეთი თვითმმართველობა არ წარმოადგენს არანაირ ინტერესს, ის საქმე და ის მოლოდინი, რაც ჩვენ ამომრჩეველს მუნიციპალიტეტში გააჩნია, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, არც პროგრამულად, არც კონკრეტული საქმეების და შეთავაზებების კუთხით.
ვხედავთ, პარლამენტის დეპუტატების მხრიდან საარჩევნო კამპანია ძირითადად აწყობილი იქნება იმაზე, რომ ხალხში დესტრუქცია გააღვივონ, სახელმწიფოზე, ეკლესიასა და იმ პრობლემებზე მოახდინონ აპელირება, რითაც კიდევ ერთხელ შეეცდებიან საარჩევნო პროცესი დააზიანონ, ეცადონ ნებისმიერი გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, საკადრო რესურსი არ გააჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს ახალი შემადგენლობა შესთავაზონ. ამიტომ არის, რომ კანდიდატად ხან მამას სთავაზობენ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ პოლიტიკურად ოპოზიცია ფაქტობრივად გაბანკროტებულია“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.
კითხვაზე, რამდენად სჯერა მას ოპოზიციის ერთიანობა, ქადაგიშვილი აღნიშნავს, „ოპოზიციის ერთობა, როგორ ასეთი, არ არსებობს“ და ოპოზიციის დღის წესრიგმა, აბსულუტური ფიასკო განიცადა.
„ამ ფიასკოს შედეგია, რომ ერთიანი კანდიდატები ვერსად წარმოადგინეს“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელიაა.