ბრიტანეთი: ავღანეთს „თალიბანი“ აკონტროლებს - უკან აღარ დავბრუნდებით

ბრიტანეთი: ავღანეთს „თალიბანი“ აკონტროლებს - უკან აღარ დავბრუნდებით

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ავღანეთის „თალიბანის“ კონტროლქვეშ აღმოჩენის გამო, საკუთარ სამხედროებს ამ ქვეყანაში აღარ გაგზავნიან, - წერს Reuters-ი.

„ვადასტურებ, რომ „თალიბები“ აკონტროლებენ ქვეყანას. არაა საჭირო პოლიტოლოგობა იმის გამოსაცნობად, სად ვართ ახლა ჩვენ“, - ამბობს უოლესი.

დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში საკუთარი საელჩო ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე გადაიტანა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ჰკითხეს, რას იგრძნობდა, თუ დაინახავდა, რომ ყოფილი საელჩოს შენობაზე „თალიბანის“ დროშა ფრიალებს.

„ეს არაა ის, რაც რომელიმე ჩვენგანის ისურვებდა“, - ამბობს ის.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.