მაიკ პენსი: ბაიდენის ადმინისტრაციის ავღანეთიდან კატასტროფული გასვლა გმირი ამერიკელების ხსოვნას შეურაცხყოფს

მაიკ პენსი: ბაიდენის ადმინისტრაციის ავღანეთიდან კატასტროფული გასვლა გმირი ამერიკელების ხსოვნას შეურაცხყოფს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის ავღანეთიდან კატასტროფული გასვლა იმ გმირი ამერიკელების ხსოვნას შეურაცხყოფს, რომლებმაც ერთგულება გამოიჩინეს და ამ 20 წლის განმავლობაში, მამაცურად მსახურობდნენ თავისუფლების დასაცავად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ჩვენი მოკავშირეები ამ ბნელ ჟამს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.