საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" დღეს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა.

ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავა.

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მილიარდები დახარჯა ავღანეთის ძალების გადამზადებისთვის, რითაც მათ "თალიბანზე" უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს დაჯგუფების წინსვლის შეჩერება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იმ პირობებში, როცა დაჯგუფება "თალიბანი" ქაბულში შევიდა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა.