როგორ მოვაგვაროთ ტერიტორიული პრობლემა?

როგორ მოვაგვაროთ ტერიტორიული პრობლემა?

საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც ას დღეზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს, მრავალი პრობლემა აქვს გადაუდებლად გადასაჭრელი. ესენია: კონსტიტუციური რეფორმა (არა მისი კოსმეტიკური შელამაზება, არამედ ახალი კონსტიტუციის მიღება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული გადაწყობით, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოთი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პრემიერით და სასამართლო ხელისუფლების გარანტირებული დამოუკიდებლობით), მართლმსაჯულების აღსრულება, ქვეყნის ეკონომიკის გამოყვანა სტაგნაციიდან, სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.  

მაგრამ უმთავრეს პრობლემას, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებელ არსებობას განსაზღვრავს, და ამდენად, უპირველესად არის გადასაჭრელი, ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. ოც წელზე მეტია ეს პრობლემა არსებობს, უკვე მესამე ხელისუფლება გამოიცვალა და ვერაფრით მოხერხდა მისი მოგვარება. ამჯერად სიტუაცია საბედისწერო ნიშნულს უახლოვდება. ცოტა კიდეც და, აფხაზეთი და ცხინვალი, უიმედოდ დაკარგულ ქართულ ტერიტორიებს მიემატებიან.

ასეთ დროს, ჩვენი ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომელსაც მეტად იოლ ფორმებში წარმოუდგენია რუსეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პერსპექტივები, ძალიან არაადეკვატური გვეჩვენება. მითუმეტეს, როცა წინამორბედ ხელისუფალთაგან მწარე გამოცდილება გვაქვს მიღებული: რაც უფრო გაიოლებულად წარმოგვიდგენდნენ პრობლემების მოგვარებას, მით უფრო მძიმე შედეგებს ვიმკიდით.

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიული პრობლემის მოგვარება არ არის იოლი საქმე. საკმაოდ მძიმე მოცემულობა ჩამოგვიყალიბდა აგვისტოს ომის შედეგად. ვითარება არც მანამდე იყო დაწმენდილი, მაგრამ კონფლიქტში მონაწილეთა რაოდენობა მაინც იყო მინიმალური. ამჯერად კი, ჩვენმა ტერიტორიულმა გაურკვევლობამ იმდენი გლობალური და რეგიონული აქტორის ინტერესები ჩაითრია, რომ უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო, რათა მოუზომავმა ნაბიჯმა თვით ქართული სახელმწიფოს არსებობა არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

სამხრეთ კავკასია, ე.წ. „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ (ბალკანეთიდან პამირამდე, მაღრიბიდან ინდოეთამდე) უმნიშვნელოვანესი კვანძია. იგი უზარმაზარ როლს თამაშობს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ევრაზიულ პოლიტიკაში. ამ რეგიონზე პრეტენზიას აცხადებენ ევროპა, ირანი, თურქეთი და, ასე განსაჯეთ, ისრაელიც კი. უახლეს მომავალში კავკასიის მნიშვნელობა დიდ პოლიტიკაში მხოლოდ გაიზრდება.  

 ასე, რომ ვითარება მეტად რთულია. პუტინი და რუსი ექსპერტები არ ტყუიან როცა აცხადებენ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჩიხშია შესული და გამოსვლის გზები არ იციან. ზუსტად მასეა. ჩვენ მართლაც გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებით და ამ რეალობის ადეკვატური გაცნობიერებაა საჭირო.

რატომ მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი? რა მიზნები ამოძრავებდათ კონფლიქტში ჩათრეულ მხარეებს? რატომ იყო იძულებული რუსეთი ეღიარებინა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა? როგორ დალაგდა მხარეთა პოზიციები კონფლიქტის დასრულებისას? რა ინტერესები გააჩნიათ ამ კონფლიქტში ჩათრეულ რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშეებს? აი კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხის გაცემაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენი ტერიტორიული პრობლემისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების დაწყება.   

აგვისტოს ომის დაწყება

რუსეთი კარგა ხანია ემზადებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დასალაშქრავად. მიზეზი ისეთივე ძველია, როგორიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა: დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის კატეგორიული მიუღებლობა. ქართველები - კი, ქართული სახელმწიფო - არა. ამ პოლიტიკას რუსეთი შესაშური სიჯიუტით ახორციელებს მთელი ორასი წელია და, როგორც ეტყობა, არც აწი შეიცვლის ნირს.

აქტიური მოსამზადებელი მოქმედება დაიწყო 1999 წლის შემოდგომიდან, როცა მთავრობის მეთაურად მოგვევლინა ვლადიმერ პუტინი (ნახევარი წლის შემდეგ იგი რუსეთის პრეზიდენტი გახდა) და განაახლა ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ (ჩეჩნეთის ე.წ. მეორე ომი). საოცარი დამთხვევით 1999 წლის ნოემბერში აფხაზეთმა ჩაატარა რეფერენდუმი (უქართველებოდ) და გამოაცხადა  დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ, მოსკოვმა მოხსნა აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა და დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება. პარალელურად დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისათვის შემოიღო სავიზო რეჟიმი. ჩეჩნეთში აქტიური ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ჩამთავრების შემდეგ რუსეთმა საქართველოსთვისაც მოიცალა - დაბომბა მთათუშეთი.

ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ანტიქართული პოლიტიკა ვლადიმერ პუტინის ახირების შედეგია. იგი რომ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ასე დრამატულად არ განვითარდებოდა. მაგრამ, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. იმ მიზნით კი არა, რომ პუტინზე აზრი შევიცვალოთ, არამედ იმისათვის, რომ ფარდა ავხადოთ ბორის ელცინის ხელისუფლების „კეთილშობილებას“. ღია აგრესიაზე ელცინიც არ იტყოდა უარს. ოღონდ ესაა, დაკავებული იყო ჩეჩნეთით. მისი შემომტკიცების გარეშე იგი ფართო მასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ვერ განახორციელებდა. თუმცა არც გულხელდაკრეფილი იყო - ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ მოქმედებას ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ (სეპარატისტების დახმარება, დესტაბილიზაციების ინიცირება, სამხედრო პუტჩის მოწყობა, სამოქალაქო ომის სტიმულირება, ბალტინის რეიდი და ა.შ.). გამოდის, რომ ჩეჩნების ბრძოლამ მთელი ათი წლით გადაავადა რუსეთის აგრესია ჩვენს წინააღმდეგ (ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მთათუშეთის დაბომბვამდე). 

საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანამ და ნატოში გაწევრიანების რეალურმა  პერსპექტივამ (2008 წლის ბუქარესტის სამიტი) მოსკოვი აიძულა უფრო ენერგიულად  ემოქმედა. სამწუხაროა, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი გამოეპარა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას. სწორედ ნატოს კავკასიაში გაფართოების საფრთხემ განაპირობა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე, რაც მოგვიანებით (2011 წლის ნოემბერი) აღიარა კიდეც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. საჭირო იყო მხოლოდ საბაბი და ისიც გამოინახა - 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში რუს სამშვიდობო ჯარებზე თავდასხმის მიზეზით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაუფარავი აგრესია განახორციელა.

დღემდე მიდის დავა, თუ ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ საქართველომ. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დაიწყო ქართულმა მხარემ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს საპირისპიროს - როცა ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რუსული ჯარები უკვე ცხინვალში იმყოფებოდნენ. ორივე მხარე გამოდის იმ არასწორი დებულებიდან, რომ ვინც პირველმა გახსნა ცეცხლი, ის არის აგრესორი.

მსოფლიო ომების ისტორიიდან ცნობილია, რომ ცეცხლის გამხსნელი მხარე ჯერ კიდევ არ ნიშნავს აგრესორს. ქრესტომათიული ფაქტია, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო გერმანიის მიერ პოლონეთზე განხორციელებული აგრესიით. ეს ფაქტი დაადასტურა ნიურნბერგის სასამართლომაც, როდესაც გერმანია მსოფლიო ომის გამჩაღებლად ცნო. თითქოს ყველაფერი ნათელია. მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა: ვინ გახსნა  ცეცხლი? ცეცხლი გაიხსნა პოლონეთის მხრიდან, და ისტორიაში ეს ფაქტი ცნობილია გლაივიცის (ასეთი ქალაქია) პროვოკაციის სახელით. მაგრამ პროვოკაციამ ვერ მიაღწია მიზანს - მიუხედავად მაქსიმალური ფალსიფიკაციისა (მხოლოდ ომის დამთავრებისას გაირკვა სიმართლე, როცა იმ პროვოკაციის ერთ-ერთმა გადარჩენილმა ესესელმა ყველაფერი აღიარა), მოვლენათა ლოგიკამ ცალსახად გაამჟღავნა აგრესორი - ნაცისტური გერმანია.

ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. მოვლენათა ლოგიკა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ აგრესორი რუსეთია, რომელმაც გამოიყენა რა რეალური თუ მოგონილი პროვოკაცია, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია. რუსეთის აგრესია  დაადასტურა ტალიავინის კომისიამაც.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დავადგინოთ, ნამდვილად იყო თუ არა ჩვენი მხრიდან რაიმე პროვოცირება. და თუ მართლა ჩვენმა მხარემ პირველმა გახსნა არტილერიის ცეცხლი, უნდა გამოვიძიოთ, ქართული გლაივიცი ღალატი იყო, თუ უფრო უარესი - სიბრიყვე. ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამ საკითხის დადგენას, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას.

აგვისტოს ომის დასრულება

მაშინ, როცა აგვისტოს ომის დაწყებაზე ამდენი აურზაურია ატეხილი, დაზავების პირობები და მასთან დაკავშირებული მოვლენები დაუმსახურებლად არის მივიწყებული. არადა, დაზავების შეთანხმება ბევრად უფრო დრამატული აღმოჩნდა საქართველოსათვის: რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა (2008 წლის 26 აგვისტო) და იქ ჯარები ჩააყენა (რასაკვირველია „დამოუკიდებელ“ მთავრობებთან შეთანხმებით). ანუ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.

შეიძლებოდა თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარების აცილება? ამ საქციელით ხომ რუსეთმა, რომელიც თვით არის ეთნოტერიტორიებით დახუნძლული, საკუთარ დეზინტეგრაციას ჩაუყარა საფუძველი. რამ აიძულა რუსეთი ასეთი საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა?

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრომაკოვის განცხადებით,[1] საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შემუშავებული (იგი იყო იმ დროს კონფლიქტის მომრიგებელი) დაზავების გეგმის მეექვსე პუნქტით განსაზღვრული იყო მოლაპარაკებები აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსის დასადგენად. სააკაშვილმა ეს პუნქტი წაშალა და საქართველო გამოიყვანა დსთ-დან. ვინაიდან რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში სწორედ დსთ-ის მანდატის ფარგლებში იმყოფებოდნენ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმებით დაიკანონა სამხედრო ბაზები. ანალოგიურ ვერსიას გვთავაზობენ ნ.სილაევი და ა.სუშენცევი [2].

რუსი პოლიტოლოგი ს.ბელკოვსკი თავის 2008 წლის 1 სექტემბრის წერილში [3] აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისას მოსკოვს დაუყენებია პირობა: სააკაშვილის გადაყენება ან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება. ვინაიდან მ.სააკაშვილი ვერ დაითანხმეს გადადგომაზე, კრემლი იძულებული გამხდარა ეღიარებინა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავდა ამ ტერიტორიებზე კონტროლს (როგორც ომის მონაწილე მხარე, მშვიდობისმყოფელის სტატუსს ვეღარ დაიბრუნებდა), და გამოვიდოდა დამარცხებული.  

ს.ბელკოვსკის ვერსია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან იგი ჯერ არავის უარყვია. პირიქით, როდესაც ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით აცხადებდნენ და დღესაც იმეორებენ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია საწადელს და ვერ გადააყენა მ.სააკაშვილი, ამით ისინი მხოლოდ ადასტურებენ ს.ბელკოვსკის ვერსიას.  

ამრიგად, სურათი ნათელია. როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი დადგა საბედისწერო არჩევანის წინაშე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა (ლაპარაკი de jure მთლიანობაზე), თუ ხელისუფლებაში დარჩენა, უყოყმანოდ არჩია უკანასკნელი და გასწირა ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული ულამაზესი კუთხე.

როგორ არ ჰგავს ყოველივე ეს ჩვენი ზეპური საზოგადოების მიერ უსამართლოდ შე-რისხულ ზვიად გამსახურდიას საქციელს, რომელმაც ქვეყნის დანაწევრებას სიკვ-დილი არჩია [4]

ცივილიზებულ ქვეყნებში წესად არის მიღებული დამარცხებული ხელისუფლების გადადგომა. ამით გზა ეთმობა ახალ ხელისუფლებას, რათა მან მიაღწიოს  ქვეყნისათვის საპატიო ზავს. ასე მოიქცა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომისას ნ.ჩემბერლენის მთავრობა, როდესაც გერმანიის არმიამ ბრიტანელებს დიუნკერკთან სირცხვილი აჭამა. ასევე მოიქცნენ ისეთი დიქტატორული რეჟიმების მთავრობებიც კი, როგორიც იყო არგენტინისა (ფოლკლენდთან დამარცხებისას) და საბერძნეთის (კვიპროსის ავანტურის ჩაფლავებისას). გვაქვს საპირისპირო მაგალითიც: არ გადადგა ნაკლებ ცივილიზებული ქვეყნის (ერაყი) ლიდერი სადამ ჰუსეინი 1991 წლის  მარცხის შემდეგ. თხუთმეტი წლის შემდეგ როგორ „სასახელოდ“ დაამთავრა, ყველამ ვიცით.

საქართველო უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ორჯერ დამარცხდა სამხედრო კონფლიქტში, 1993 წელს აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალის მისადგომებთან, მაგრამ არც ე.შევარდნაძე გადამდგარა და არც მ.სააკაშვილი. რაც უფრო საინტერესოა, არც ქართულ საზოგადოებას მოუთხოვია მათი გადადგომა (დამარცხებულ ე.შევარდნაძეს პარლამენტში ტაშითაც კი შეხვდნენ). ეტყობა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვეკუთვნით ცივილიზებულ ქვეყნებს.

BBC-ს ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს იმ საბედისწერო დღეებში პარლამენტთან გამართულ ტაშ-ფანდურს შეესწრო, გაკვირვებული ატყობინებდა მსოფლიოს: ომში დამარცხებული ქართველები რას ზეიმობენ ვერაფრით გავიგეო. აბა რას წარმოიდგენდა, რომ მ.სააკაშვილი ზეიმობდა ხელისუფლებაში დარჩენას, რასაც მან ტერიტორიების სანაცვლოდ მიაღწია.  

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი

რუსეთის პროპაგანდა ცდილობს წარმოგვიდგინოს, რომ 2008 წლის აგვისტოში არავითარი რუსეთ-საქართველოს ომი არ მომხდარა, არამედ იყო სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის, რომელშიც რუსეთმა მხოლოდ დახმარება გაუწია უსამართლოდ დაჩაგრულ უმწეო ცხინვალის რეჟიმს. ასე ვთქვათ, არაფერი პირადი, მხოლოდ ვალი მოიხადა.

საბედნიეროდ, მოსკოვის გარდა, ასე არ თვლის მსოფლიოში არავინ. რუსეთის მოქმედება ყველამ შეაფასა, როგორც აგრესია საქართველოს მიმართ. იმ ქვეყნებმაც კი, რომლებმაც გაამართლეს რუსეთის ეს ნაბიჯი (მაგ. ჩინეთი). ასე, რომ სწორედ რუსეთი ეომა საქართველოს, იგია აგრესორი და მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია. აქედან კი გამომდინარეობს მარტივი, მაგრამ მწარე სიმართლე: საქართველო რუსეთთან ომში დამარცხდა.

თითქოს სადავო აქ არაფერია. მაგრამ ასე არ ფიქრობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. მათი აზრით საქართველო რუსეთთან ომში სულაც არ დამარცხებულა. საბუთი? რუსეთმა ვერ შესძლო თბილისის აღება, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მ.სააკაშვილის ჩამოკიდება ხეზე გენიტალიებით. წარმოუდგენელია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ეს ფაქტი აგვისტოს ომში საკუთარი წარმატების სერიოზულ არგუმენტად მიაჩნია.

ამ ლოგიკიდან გამოდინარეობს, რომ რუსეთი არ დამარცხებულა იაპონიასთან ომში. პორტ-არტური და ცუსიმა დამარცხებად ვერ ჩაითვლება: მტერი პეტერბურგის სიახლოვესაც კი არ გაჭაჭანებულა და არც ნიკოლოზ მეორე დაუმხია. ჩვენ, მიამიტებს კი გვეგონა, რომ იაპონიამ გაიმარჯვა. ნურას უკაცრავად. თურმე არც სადამ ჰუსეინი დამარცხებულა 1991 წელს „უდაბნოს ქარიშხალთან“ ბრძოლაში. არც არის გასაკვირი, მტერს ხომ ბაღდადი არ აუღია, სადამ ჰუსეინმა კი შეინარჩუნა ძალაუფლება.

„ნაცმოძრაობა“ მარტო ამ არგუმენტს არ სჯერდება. აგვისტოს ომში საკუთარი წარმატების დასადასტურებლად „ნაცებს“ აქვთ უფრო ძლიერი არგუმენტიც: თურმე რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც არ დაწყებულა 2008 წლის 8 აგვისტოს (იგი მთელი ორი საუკუნე მიმდინარეობს), ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ გამარჯვება-დამარცხებაზე ნაადრევია ლაპარაკი. ვნახოთ, წიწილებს ხომ შემოდგომაზე ითვლიან.

ეს არგუმენტი პირველზე უფრო გამაოგნებელია. რა გამოდის? თურმე რომი ჰანიბალთან არც ერთ ბრძოლაში არ დამარცხებულა, ვინაიდან საბოლოო ჯამში პუნიკური ომი რომაელთა გამარჯვებითა და კართაგენის დანგრევით დასრულდა. ასევე არც ფრანგები დამარცხებულან ინგლისელებთან კრესისა ან აჯინკურის ბრძოლებში - ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომი ხომ ფრანგებმა მოიგეს.

კი მაგრამ, ზომა ხომ აქვს ყველაფერს? მათ შორის სისულელესაც? ღმერთმა ქნას საქართველო ყველა ომსა და დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდეს. მაგრამ თავის მოტყუებასაც ხომ აქვს საზღვარი - აგვისტოს ომში საქართველო დამარცხდა და მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა. ეს უკანასკნელი ფაქტი დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა (აკი არ დავმარცხებულვართო?) და მას მხარი დაუჭირა თითქმის მთელმა მსოფლიომ.

რაც შეეხება გამარჯვებულ მხარეს, უნდა ითქვას, რომ მისი გამარჯვება რაღაც უცნაური და დაუმთავრებელი იყო. ნამდვილად არ ჰგავდა ადრე განხორციელებულ „მეგობრულ“ აქციებს უნგრეთში (1956წ), ჩეხოსლოვაკიასა (1968წ) და ავღანეთში (1979წ). იქ ყველგან მოხდა ქვეყნის სრული ოკუპაცია და მოსკოვისთვის მიუღებელი მთავრობა შეიცვალა „მეგობრულით“. არაფერი მსგავსი ჩვენთან არ მომხდარა. მოსკოვი დაკმაყოფილდა მხოლოდ აფხაზეთითა და ცხინვალით, ანუ მხოლოდ ერზაც-გამარჯვებით. ეტყობა სწორედ ეს ფაქტი მიითვალეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა საკუთარ წარმატებად, რაც ალბათ სამართლიანი იქნებოდა,  დაპირისპირება რომ ორსუბიექტიანი ყოფილიყო. მაგრამ აგვისტოს ომში მარტო რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. არამედ იყო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებაც.

რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შედეგი

რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ აგვისტოს ომი რუსეთის ბრწყინვალე გამარჯვებად აღიქვა. მართალია, სამხედრო თვალსაზრისით სატრაბახო არაფერი აქვთ, მაგრამ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა კი გვარიანად გაბუქეს. უბრალო საქმეა? ამ გამარჯვებით „ცივ ომში“ დამარცხებულმა და დამცირებულმა რუსეთმა მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ რუსეთი მეტს აღარაფერს დათმობს. ყველას, განსაკუთრებით კი ნატოს, დაანახვა წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც არავის აპატიებს. ამიერიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაჩოქილმა რუსეთმა დაიწყო წამოდგომა და წელში გამართვა. მიზანიც დიადი აქვს - იმპერიის აღორძინება, ამჯერად ევრაზიული კავშირის სახით.

აღორძინების იდეა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, იმდენად, რომ იმპერიულობა ყველაზე მოდურ მიმდინარეობად იქცა რუსეთში. ასეთ ვითარებაში ვლადიმერ პუტინის მოულოდნელმა განცხადებამ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩიხშია შესული და იქიდან გამოსვლის გზა არ ვიციო, გამომაფხიზლებელი შხაპის როლი ითამაშა. აკი გავიმარჯვეთო? როგორი გამარჯვებაა, თუკი სიტუაცია გამოუვალია? გაოგნება ყველაზე ადრე ცნობილმა პოლიტოლოგმა მიხეილ ლეონტიევმა დაძლია. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ რის გამარჯვება, რა გამარჯვება, თურმე აგვისტოს ომში ამერიკასთან დაპირისპირება ყაიმით დასრულებულა. მართლაც, თუ ჩიხია, ესე იგი ფათია, ხოლო ფათი ნიშნავს ყაიმს [5].

მართლაც, ყაიმია აბა რა არის. თავად განსაჯეთ: როდესაც რუსეთმა დაითრია მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, ხოლო დანარჩენ საქართველოზე უარი თქვა (თუ ათქმევინეს!), ეს ნიშნავდა მხოლოდ ერთს - საქართველოს დანარჩენი ტერიტორია, ნებსით თუ უნებლიედ, დაუთმო თავის მეტოქეს ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აგვისტოს ომის შედეგად ამერიკას და რუსეთს საქართველო ნადავლის სახით გაუყვიათ. ასეთია ფაქტიური მდგომარეობა. დარჩა მხოლოდ ამ გაყოფის de jure გაფორმება, რაც იმ შემთხვევაში მოხდება (ყურადღება!), თუ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას იცნობს საქართველო ან/და გაეროში შემავალი დანარჩენი მსოფლიო.

მოსკოვი თავიდან ვერ გაერკვა შექმნილ სიტუაციაში. იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოს ეცნო. მაგრამ მოგვიანებით, გააცნობიერა რა შექმნილი რეალობა, დიამეტრულად შეცვალა აქტიურობის ვექტორი ამ საკითხში. დღეს მოსკოვი არა თუ მსოფლიო თანამეგობრობისგან აღარ ითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, არამედ  საქართველოსაც არ უყენებს მსგავს წინაპირობას ურთიერთობის აღსადგენად. [6]

ამჯერად მოსკოვი ცდილობს საქართველოს გამო წარმოქმნილი რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება მაქსიმალურად განუსაზღვრელი იყოს (მიიღოს მისთვის ასე ჩვეული „ни мира, ни войны“-ს პოლიტიკის სახე). ვინძლო ასეთი ვითარება გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გაჩნდება ამ დროებითი ზავის დარღვევის შესაძლებლობა. მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ამასობაში კი, ადვილი შესაძლებელია,  სირიის კონფლიქტმა კავკასიისკენ გადმოინაცვლოს ან საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, რაც რუსეთს აქ ჩარევის საბაბს მისცემს (აი რატომ უფრთხიან დესტაბილიზაციას ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე მეტად). თუ არა და, რუსეთს იმედი აქვს დროთა განმავლობაში ისე მოძლიერდეს, რომ ვაშინგტონს შეაცვლევინოს ზავის პირობები.  

მოსკოვმა ის კი შესძლო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ  „ни мира, ни войны“-ს მდგომარეობაში დაებრუნებინა. აგვისტოს ომს თითქოს უნდა დაერღვია ეს გაურკვეველი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კუთხითაც მარცხი განვიცადეთ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ (და დღესაც უჭერენ) ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ოღონდ ესაა, რომ ითხოვდნენ მშვიდობიანად, ერთა თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, გადაგვეწყვიტა ეთნოტერიტორიული პრობლემები. თუ რას ნიშნავს ეს ფორმულირება ჩვეულებრივ მოკვდავთა ენაზე, გასაგებად აგვიხსნა ნატოს წინა ხელმძღვანელმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 2006 წლის გაზაფხულზე უნივერსიტეტის სტუდენტებთან  შეხვედრაზე: თუ ვერ შესძლებთ განდგომილთა დაყოლიებას, რა პრობლემაა, მოიშორეთ და უფრო იოლად მიგიღებთ ნატოშიო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ფრაზას ახალგაზრდა „ნაციონალები“ ოვაციით შეხვდნენ.

 აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა პოლიტიკური და მორალური მხარი დაუჭირეს საქართველოს, გაიზიარეს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა (შექმნილ ვითარებაში ეს იყო სწორი ნაბიჯი), ივალდებულეს არ ეცნოთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. ამით მათ, თუ შეიძლება ითქვას, გარკვეული ხათრი გაუწიეს საქართველოს (გავითვალისწინოთ - ეს ხდება კოსოვოს საყოველთაო აღიარების ფონზე!). გასაგებია, რომ თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება არად ჩააგდებს ამ პატივისცემას, დასავლეთი უბრალოდ მოიხსნის თავის ვალდებულებას, მთელი, აქედან გამომდინარე შედეგებით.

პარადოქსები... პარადოქსები...

ამრიგად შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია.

- მოსკოვი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს აღიაროს აგვისტოს ომის შედეგად შექმნილი რეალობა, სინამდვილეში წინააღმდეგია, რომ საქართველომ იცნოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა.

- დასავლეთი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სინამდვილეში მოუთმენლად ელოდება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას.

- აფხაზები, რომლებიც საქვეყნოდ აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას, სერიოზულად ფიქრობენ რუსულენოვანი მოსახლეობის ეთნიკურ დაბალანსებაზე. აფხაზ-მუჰაჯირთა რეპატრიაცია ვერაფრით მოახერხეს, რასაც რუსეთის ხელში ვერც ვერასოდეს მოახერხებენ.

 - ყველაზე პრორუსი კავკასიელები - ოსები, იმყოფებიან რა მეზობელთა „მეგობრულ“ გარემოცვაში (ჩეჩენ-ინგუშები აღმოსავლეთიდან, ყაბარდოელები  დასავლეთიდან, ეხლა კიდევ ქართველები სამხრეთიდან), ძალიან არიან შეშფოთებულნი კავკასიიდან რუსეთის მოსალოდნელი წასვლით (რუსულ საზოგადოებაში ასეთი აზრის გაჩენაც კი, მათში პანიკას იწვევს) და სერიოზულად ფიქრობენ რომელიმე მეზობელთან შერიგებაზე.

პარადოქსული ვითარებაა ქვეყნის შიგნითაც.

უკანასკნელი ოცდაორი წელია საქართველოში ხელისუფლების ცვლა მიმდინარეობს წინამორბედი ხელისუფლების უარყოფის ხარჯზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი ხელისუფლება აგრძელებს იგივე კურსს, რისთვისაც კიცხავდა წინა ხელისუფლებას, ოღონდ აგრძელებს ბევრად უფრო ცუდად. შედეგად, უარესდება და უარესდება ქვეყნის მდგომარეობა.

- საქართველოს ლიბერალურმა პოლიტელიტამ, რომელიც „მრგვალ მაგიდას“ ანტიდემოკრატიულობაში სდებდა ბრალს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც „დემოკრატიული რევოლუცია“ უწოდა, დახვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაციები და დააწიოკა რეგიონებში მოსახლეობა.

- ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ზვიად გამსახურდია ცხინვალის რეგიონში ეთნოკონფლიქტის გაჩაღებაში დაადანაშაულა, თვითონ ცხინვალი არ იკმარა და აფხაზეთში გააჩაღა კონფლიქტი. გარდა ამისა, მოახდინა ეთნოკონფლიქტების  ინტერნაციონალიზაცია, რითაც თბილისმა საკუთარი ნებით თქვა უარი ამ ტერიტორიების სუვერენიტეტზე.

- მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე ტერიტორიების ფაქტიურ დაკარგვაში დაადანაშაულა, თვითონ იმდენი „მოახერხა“, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ de jure დამოუკიდებელნი გახდნენ.

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ასლან აბაშიძეს ავტორიტარობაში დასდო ბრალი, თვითონ მთელ საქართველოში  დაამყარა ასლანის ტიპის რეჟიმი.

- „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის შედეგად საქართველოს ტერიტორია ფაქტიურად გაყოფილია და „ქართულ ოცნებას“ აქვს „დიდი შანსი“ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას ეს გაყოფა de jure-დ გაფორმდეს.  

პარადოქსული სიტუაციები მხოლოდ ჩამოთვლილი ფაქტებით არ ამოიწურება.

კავკასია-შუა აზიის რეგიონზე გავლენის  დასაბრუნებლად მოსკოვს აუცილებლად სჭირდება საქართველოს გულის მოგება, რომელიც ამ ვეებერთელა რეგიონის გასაღებს წარმოადგენს. აგვისტოს ომის შედეგის de jure გაფორმების შემთხვევაში კი, საქართველო და, ამდენად, კავკასია-შუა აზიის რეგიონი, სამუდამოდ დაიკარგება რუსეთისათვის. ასეთ დროს, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიის იმაზე აწყობა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს იცნობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, მეტად უცნაურია. იგი არაფრით ჯდება რაციონალური აზროვნების ჩარჩოში. ერთიც ვნახოთ და იცნოს? მერე?

მ.სააკაშვილის სტრატეგიაც ვ.პუტინის სტრატეგიის ანალოგიურია. აგვისტოს ომში დამარცხების შემდეგ თბილისი გადავიდა მომლოდინე რეჟიმში: ჯო ბაიდენის დანაპირებისამებრ, რუსეთი რამოდენიმე წელიწადში უნდა დაიშალოს და ქვეყნის რეინტეგრაციის გზაც მერე გამოჩნდება. ნაციონალების მთელი სტრატეგია ამ იმედს ეყრდნობა: გულხელდაკრეფილი უნდა ველოდოთ სანუკვარი დროის დადგომას. კი, მაგრამ რომ არ დაიშალოს? მერე რა ვქნათ? ანდა ვთქვათ მართლა დაიშალა. მერე რას ვშვრებით? როგორ ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს? არასერიოზულია ეს ყველაფერი.

ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი კი არა, უფრო სახელოვანი სტრატეგოსები გაბითურებულან, როცა სტრატეგია ალალბედს მიანდეს. ასე იყო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში. ი.სტალინმა გათვალა იმაზე, რომ მოსალოდნელ ომში საფრანგეთი გერმანიას მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევდა, შეიარაღებული კონფლიქტი გახანგრძლივდებოდა და საბჭოთა კავშირი თავს დაიძვრენდა მსოფლიო ომისაგან. მოვლენები კი სულ სხვაგვარად განვითარდა: საფრანგეთი ორ კვირაში დამარცხდა და მოსკოვს გეგმები თავდაყირა დაუყენა. თუმცა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მაინც ოტიმალური გამოსავალი იყო მოსკოვისათვის.

Back on Track

ახლახანს გამართულ მიუნხენის 49-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს მოუწოდა „გადატვირთვის“ პოლიტიკის განახლებისაკენ. ეს მოწოდება მან გამოხატა ფრაზით: „Back on track“ (დაბრუნება გაკვალულ გზაზე).

როდესაც ბარაკ ობამას პირველი ვადით პრეზიდენტობისას მოსკოვი დაეთანხმა „გადატვირთვის“ პოლიტიკას, მას სანაცვლოდ სურდა პოსტსაბჭოთა სივრცის საკუთარი გავლენის სფეროდ დამტკიცება. ამ განზრახვას ვაშინგტონმა მხარი არ დაუჭირა, რამაც საგრძნობლად გაანელა მოსკოვის ინტერესი „გადატვირთვის“ პოლიტიკის მიმართ.

ამჟამადაც, ვაშინგტონის მოწოდების საპასუხოდ, მოსკოვმა იგივე პრეტენზია წამოაყენა. ეს ნათლად ჩანს ახლახანს გამოქვეყნებულ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში,[7] სადაც, განსაზღვრულია პრიორიტეტები: ევრაზიული ეკონომიკური სივრცის შექმნა დსთ-ს სახელმწიფოთა ბაზაზე, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციების აღკვეთა (საფრთხის შეფასებასა და აღკვეთის გზებს, რასაკვირველია, მოსკოვი დაადგენს), რუსეთის საზღვრებთან ნატოს არ მოშვება, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელი განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა. დასავლეთში ამ კონცეფციას „პუტინის დოქტრინა“ უწოდეს.

როგორც ვხედავთ, ვაშინგტონთან ვაჭრობის საგანი იგივეა - პოსტსაბჭოური სივრცე, სადაც რუსეთს სურს განუსაზღვრელი ჰეგემონობა და სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

რუსეთის საგარეო უწყების დოკუმენტი გარკვეული დასკვნების საშუალებას იძლევა.  

პირველი. რუსულ მას-მედიაში ფართოდ ტირაჟირებული აზრი, თითქოს საქართველოს უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს საქართველო, სიმართლეს არ შეეფერება. სინამდვილეში სწორედ მოსკოვს სურს ჩვენი დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე, რაც იგივე ფრაზით შეიძლება გამოიხატოს - Back on track. მეტად სამწუხაროა, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში რუსეთის დიპლომატიამ შესძლო ისე წარმოეჩინა სიტუაცია, თითქოს ქართული მხარე ლამის კალთებს აგლეჯს, ისე სურს მოსკოვთან მეგობრობა. უმჯობესი იქნება, თუ რუსეთთან ურთიერთობას უკიდურესი თავდაჭერითა და მაქსიმალური პრაგმატულობით მივუდგებით. მოლაპარაკებისას შეუვალნი უნდა ვიყოთ: რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და მოლაპარაკების თემაც ამით უნდა განისაზღვროს. 

მეორე. მოსკოვს ტერიტორიულ საკითხებზე არ სურს კამათი. იგი თვლის, რომ არ მოუხდენია ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, არამედ მხოლოდ მხარი დაუჭირა აფხაზებისა და სამხრეთელი ოსების კანონიერ სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ.

მესამე. თურმე ქართულმა მხარემ უნდა გამოთქვას მზადყოფნა, აღიაროს „ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა“. მაგრამ არ არის აუცილებელი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის დაუყონებლივ ცნობა. ამ საჩოთირო საკითხის გარკვევა ჯობია გადაიდოს სამომავლოდ (გაურკვეველი დროით), რათა მან არ შეაფერხოს რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი (ნორმალიზება ტერიტორიული დავის განხილვის გარეშე ?!).

მეოთხე. მოსკოვი რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირების წინასწარ პირობად ჩვენგან ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის  გაუქმებას და ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტას.

როგორც ვხედავთ, რუსეთი არაფერს თმობს და ითხოვს ბევრს. ჩვენ თურმე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, მან კი ჩვენი ინტერესები არად ჩააგდოს. ჭეშმარიტად, რუსეთს არც არაფერი დავიწყნია და ვერც ვერაფერი უსწავლია. იმასაც კი გვამადლის, რომ არ გვაიძულებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის დაუყონებლივ აღიარებას. თან აქეთაც გვამუნათებს, თქვენთვის ვირჯებიო. მაშ როგორ, საქართველოს ხომ უფრო სჭირდება რუსეთი - Сам пришел!

არაოფიციალურად, კულუარებში, მოსკოველი ემისრები იმასაც გვეუბნებიან, რომ მომავალში (შორეულ მომავალში, ალბათ, თუ კარგად მოვიქცევით!), რუსეთი გვიშუამავლებს, რომ სამმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ (მისმა დარჩენილმა ნაწილმა), ერთმანეთი აღიარონ, შექმნან კონფედერაციული ერთობა და შემდეგ გაერთიანდნენ ევრაზიულ კავშირში.

აი მესმის პერსპექტივა. თურმე 1991 წელს იმიტომ ვთქვით უარი მოსკოვთან ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე (რომელიც საქართველოს დაშლით ემუქრებოდა) და დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, რომ 23 წლის შემდეგ იგივე პირობებით  (ანუ დაშლილი), თავზე ნაცარ წაყრილი დავბრუნებულიყავით იმავე უღლის ქვეშ, როგორც  უძღები შვილი. შესანიშნავია!

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 9 მარტს მიიღო რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომლის თანახმადაც საქართველო დსთ-ში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა თუ ევრაზიის კავშირში არ გაწევრიანდება.[8] გადაწყვეტილება სამართლიანია. რატომ უნდა დავბრუნდეთ Track-ში? რა დაგვრჩენია? ბოლოს და ბოლოს, თუ მაინც და მაინც იძულებული გავხდით და მოგვიწია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება, რაში გვჭირდება რუსეთის შუამავლობა? რა, ამას დაუხმარებლად ვერ განვახორციელებთ? არა და არა. ან რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას ან არადა, თუ სხვა შანსი არ არის, თუ ყველა იმედი გადაწურულია, მაშინ დაე გაიყოს საქართველო. Track-ში მაინც არ დავბრუნდებით. მითუმეტეს, თუ შედეგი იგივეა. [9]

რა ვიღონოთ?

საბედნიეროდ ყველაფერი გადაწურული არ არის. შანსი ნამდვილად არის. ოღონდ მხოლოდ შანსი.

ამისათვის პირველ რიგში უნდა განვთავისუფლდეთ მითებისაგან. რეალური პოლიტიკის გატარებას მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ.

პირველი მითი ეხება სახელმწიფო მოწყობას. ჩვენი პოლიტელიტა ღრმად არის დარწმუნებული, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს უნიტარული და მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო. არადა, ისტორიული საქართველო ასეთი არასოდეს ყოფილა. გაერთიანებული საქართველო შეიქმნა ათასი წლის წინ როგორც აფხაზთა და ქართველთა უნია (მაშინ გაჩნდა სწორედ სახელწოდება „საქართველო“). იგი წარმოადგენდა ფეოდალური იერარქიის მქონე სახელმწიფოს, სადაც ვასალ ფეოდალებს გარკვეული შეუვალობა გააჩნდათ (დღეს ასეთ შეუვალობას ავტონომიას უწოდებენ). ამ ნიშნით საქართველო ჩამოგავდა დასავლეთ ევროპულ ფეოდალურ სახელმწიფოებს და გამოირჩეოდა თავისი მეზობლებისაგან - ისლამური დესპოტიებისაგან და ავტოკრატული ბიზანტიისაგან. 

თავისი ისტორიის უდიდეს მანძილზე საქართველო არ იყო პოლიტიკურად ერთიანი სხეული. მრავალი სამეფო-სამთავრო მხოლოდ ეთნოკულტურული და კონფესიური თვალსაზრისით იყო ერთგვაროვანი. ეთნოკულტურული ერთობა ქმნიდა ქართულ სამყაროს, რომლის ნაწილიც იყო აფხაზეთის სამთავრო. ვითარება  შუასაუკუნოვანი გერმანიის ანალოგიური იყო: არც იქ არსებობდა ერთიანი სახელმწიფო (მიუხედავად იმპერატორისა), მაგრამ არსებობდა გერმანული სამყარო. დღევანდელი გერმანიის ფედერაციული სახელმწიფო მოწყობა სწორედ ამ ისტორიული ტრადიციის გამოხატულებაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდე ვერ მოხერხდა გერმანული სამყაროს ერთ სახელმწიფოში გაერთიანება.

მსგავსი ტრადიციების მქონე ქართველი ერი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მკაცრად ცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, რაც თვალნათლივ გამოჩნდა როგორც პირველი, ისე მეორე რესპუბლიკის პირობებში. ვითარებას ალბათ რამდენადმე განმუხტავდა ადგილობრივი თვითმმართველობა. სამწუხაროდ, ასეთი ფუფუნება არა და არ გვეღირსა, არც მუნიციპალური, არც რეგიონული (იმას, რაც გვაქვს, თვითმმართველობა არ ჰქვია). 

საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება მეტად რთული იქნება. განდგომილ ეთნოკრატიასთან პოლიტიკური ვაჭრობისას პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ ლტოლვილთა რეპატრიაციას. მის ხარჯზე შეიძლება სხვა მოთხოვნები გადავდოთ კიდეც. მთავარია მივაღწიოთ ეთნოკულტურული ერთიანობის აღდგენას. თუ აფხაზეთი და ცხინვალი ქართული სამყაროს დაუბრუნდნენ, ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება.

ქართულ საზოგადოებაში მტკიცედ არის გამჯდარი მითი, რომ - აფხაზეთს და  „სამხრეთ ოსეთს“ ძალის გარეშე ვერ დავიბრუნებთ. ეთნოსეპარატიზმთან ბრძოლაში ჩვენს წარუმატებლობებს  სწორედ ამ მითს უნდა ვუმადლოდეთ. თითქოს საკმარისი გამოცდილება შევიძინეთ - ძალა გამოვიყენეთ 1991 წლის იანვარში (ცხინვალი), 1992 წლის აგვისტოში (აფხაზეთი), 2006 წლის ივლისში (კოდორის ხეობა), 2008 წლის აგვისტოში (ცხინვალი), ყველგან მარცხი ვიწვნიეთ, სამაგიეროდ 1991 წლის ქართულ-აფხაზური საარჩევნო შეთანხმება იყო პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების წარმატებული მაგალითი - მაგრამ არა, მაინც ძალისმიერ გზას ვამჯობინებთ.

სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმისათვის თავდაუსხმელობის პირობის საჯაროდ მიცემა, რასაც რამდენი წელია ითხოვს რუსეთი ჩვენგან - ამისათვის სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტმა დაგმოს სახელმწიფო საბჭოს ფორმულირება, რომლის ძალითაც 1991 წლის ქართულ-აფხაზური საარჩევნო შეთანხმება გამოცხადდა აპარტეიდად და რომელმაც იდეოლოგიური საფუძველი მოუმზადა აფხაზეთში სამხედრო ლაშქრობას. 1991 წლის ქართულ-აფხაზური საარჩევნო შეთანხმების რეაბილიტაცია იქნებოდა ყველასათვის გასაგები სიგნალი, რომ ქართული მხარე პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

მესამე მითის თანახმად საქართველოში ეთნოსეპარატიზმი რუსეთის მიერ არის შექმნილი. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ეთნოპრობლემების მოგვარება მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, ადგილობრივი ეთნოკრატიის გვერდის ავლით - ან რუსეთის შემწეობით (შევარდნაძის გზა)[10] ან რუსეთის განდევნით სამშვიდობო პროცესიდან (სააკაშვილის გზა).[11

რუსეთის როლი საქართველოში ეთნოსეპარატიზმის გააღვივებაში მართლაც უდიდესია. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურების იქით არ დავინახოთ აფხაზთა და ოსთა მისწრაფებანი არ იქნება სწორი. როგორც მოსკოვი ცდილობს სეპარატისტების წაქეზებით რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვას, ასევე აფხაზი და ოსი სეპარატისტებიც იყენებენ რუსეთს თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია. განვლილმა ოცდახუთმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ადგილობრივ ეთნოკრატიასთან (განსაკუთრებით, აფხაზ ეთნოკრატიასთან) პირდაპირი დიალოგის გარეშე პრობლემა არ გვარდება.

ქართულ საზოგადოებას, ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი მითი, რომ ობოლი ერი ვართ და საკუთარი ძალებით ლელოს ვერ გავიტანთ. აუცილებელია მოვნახოთ ძლიერი მფარველი და მას შევეკედლოთ. პრობლემებიც მან უნდა მოგვიგვაროს. საკუთარი ძალის ურწმუნოებას კონსტანტინოპოლის დაცემის (1453წ) შემდეგ მიეცა დასაბამი და მომდევნო საუკუნეებში მხოლოდ გაგვიმტკიცდა. უკანასკნელი საუკუნეა, მიუხედავად ორჯერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა (1918წ, 1991წ), სხვის დაუხმარებლად არსებობა წარმოუდგენელი გვეჩვენება. ჩვენი ხელისუფალნი მუდამჟამ მფარველის ძებნაში არიან (გამონაკლისი იყო ზ.გამსახურდია). ხან რუსეთს შევციცინებთ, ხან ევროპას. ამჟამად ამერიკის კალთას ვეფარებით. მფარველის ძიებამ ღირსების გრძნობა დაგვაკარგვინა. უცხო ქვეყნის კმაყოფაზე ვართ, თან გვიკვირს, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ აკეთებენ ან საჩვენოდ არ აკეთებენ.

რა ბრძენთა ხმობა უნდა იმ მარტივი ჭეშმარიტების გაგებას, რომ ნებისმიერი მომრიგებელი პირველ ყოვლისა თავის ინტერესებს იცავს და შექმნილ სიტუაციასაც  სათავისოდ გამოიყენებს. უწინარეს ყოვლისა ეცდება საკუთარი გავლენის თავს მოხვევას. დიდი არჩევანიც არა გვაქვს: ან რუსეთი მოგვახვევს საკუთარ წესს თავს (Pax Russica) ან ამერიკა (Pax Americana). ყველაფერი კი იმიტომ, რომ გვინდა ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გაგვიკეთოს. ჩვენთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს თეოდორ რუზველტის სიტყვები, კორეელების მიმართ თქმული: „რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ უნდა გავუკეთოთ ის, რისი გაკეთებაც თვითონ არ შეუძლიათ?“

გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ინტერესთა გზაჯვარედინზე იმყოფება, გეოპოლიტიკურ ფაქტორს ვერ უგულებელყოფს და იზოლაციაში ვერ იქნება. ძალიანაც რომ მოვინდომოთ ნეიტრალიტეტს მაინც არავინ დაგვანებებს. შესაბამისად, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებლად გვესაჭიროება სტრატეგიული მოკავშირე, მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ინტერესების გათვალისწინება, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ალიანსებში გაერთიანება, მაგრამ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრა სხვის დაუხმარებლად უნდა შეგვეძლოს. ამით ფასდება სახელმწიფო, იძენს საერთაშორისო წონასა და ავტორიტეტს.  

ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ: ჩვენი ტერიტორიულ პრობლემები ჩვენივე მოსაგვარებელია. თუ შევძელით და მითებისაგან განვთავისუფლდით, უნდა გადავიდეთ სეპარატისტებთან უშუალო მოლაპარაკებებზე, tet a tet. მესამე მხარე (ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, საერთაშორისო ორგანიზაციები) შეიძლება ჩავრთოთ მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე.

მოლაპარაკებებისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი მომენტი:

 

პირველი, აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნოტერიტორიული ისტორია, კონფლიქტის გენეზი და მიმართება ჩრდილოკავკასიელებთან, სეპარატისტთა მიზნები, პრინციპულად განსხვავებულია. მეტად სამწუხაროა, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკამ ეს განსხვავებული ბუნების კონფლიქტები გაათანასწორა, ერთ პაკეტში გააერთიანა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: ორივე ეთნოტერიტორიამ ერთნაირი სტატუსი მიიღო, რაც უპატიებელი შეცდომაა. ეხლა მაინც უნდა ვეცადოთ რომ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემები ცალ-ცალკე მოვაგვაროდ. ალბათ აჯობებს მოლაპარაკებების აფხაზეთიდან დაწყება - მათი პოლიტელიტა უფრო მეტად ავლენს დამოუკიდებელ მოქმედებას, ვიდრე ცხინვალი (აფხაზურ ნაციონალიზმს, რომელიც აქამდე მკვეთრად ანტიქართული იყო, ამჯერად ანტირუსული მოტივებიც გაუჩნდა).

მეორე, მოლაპარაკებები სოხუმთან წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე გაითვალისწინებს აფხაზთა ეროვნულ ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაჯდება ჩვენთან მოსალაპარაკებლად. რუსეთის ფაქტორზე აპელაცია არ არის მართებული. თუ დაინტერესება იქნა, მოსკოვს არ შეხედავენ, როგორც ეს მოხდა 1991 წელს, როცა თბილისმა და სოხუმმა მიაღწიეს საარჩევნო შეთანხმებას, და 2006 წელს, როცა შამბა ჩამოვიდა თბილისში მოსალაპარაკებლად (ამის საპასუხოდ შეიარაღებული ძალები შევიყვანეთ კოდორის ხეობაში და შამბა პირში ჩალაგამოვლებული დავტოვეთ). 1991 წლის საარჩევნო შეთანხმება იმიტომაც იყო წარმატებული, რომ თბილისმა გაითვალისწინა აფხაზთა ინტერესები. ამჯერადაც ასე უნდა მოვიქცეთ და ერთმანეთის ინტერესები შევაჯეროთ.

თუ სოხუმთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, ცხინვალთან ურთიერთობა გაიოლდება.

მოლაპარაკებები იქნება ძნელი და შედეგის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ, როგორც ვთქვით, არის შანსი და მას გამოყენება უნდა. ყველა სხვა გზას მივყავართ საქართველოს გაყოფამდე (მეორედ, 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ), რაც ნიშნავს ამ ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას.

1. სააგენტო ივერონის 2013 წლის 23 იანვრის ინფორმაცია.  www.iveroni.com.ge/politika/24754-qsokhumisa-da-ckhinvalis-aghiareba-saakashvilis-mier-me-6-punqtis-tsashlam-gamoitsviaq.html?lang=ka-GE

2. Николай Силаев, Андрей Сушенцов - Грузия после выборов и перспективы российско-грузинских отношений, REGNUM, 3.02.2013

www.regnum.ru/news/1620583.html

3. Станислав Белковский – The eternity in the asshole, АПН, 1.09.2008

www.apn.ru/publications/article20650.html

4. ბესარიონ გუგუშვილი, TV-„იმედი", 2004, 6.06.2004, I .

www.youtube.com/watch?v=cyYzKmciV4U&list=PL73E7200E3597A6D1

5. Михаил Леонтьев - Российско-американская партия в Грузии: сошлись на ничьей, Однако,  26.12.2012;   www.odnako.org/blogs/show_22880.

6. Сергей Михеев - Не будем хмелеть, выпив "Боржоми", Столетие, 17.02.2013

www.stoletie.ru/rossiya_i_mir/sergej_mihejev_ne_budem_khmelet_vypiv_borzhomi_992.htm

7. Концепция внешней политики Российской Федерации, 18.02.2013

www.mid.ru/bdomp/ns-osndoc.nsf/

8. თეონა მანაგაძე - ნაციონალებს 19 აპრილის გეგმა ჩაეშალათ, For.ge, 10.03.2013

www.for.ge/view.php?for_id=21876&cat=2

9. ოპონენტები ალბათ შეგვახსენებენ, რომ რუსეთის კულტურული და ზნეობრივი ფესვები ჩვენსავით აღმოსავლურ-ქრისტიანული წარმოშობისაა, რაც  მსოფლმხედველობრივად საკმაოდ მჭიდროდ გვანათესავებს, ამიტომ იქნებ არ ეგების ჩვენი რუსეთისაგან ასე კატეგორიული განრიდება. ამის პასუხად ვიტყვით, რომ მაშ რა ვქნათ, როცა რუსეთი ვერა და ვერ გუობს ქართულ სახელმწიფოებრიობას (დადასტურებულს 1783წ, 1920წ და 1994წ ხელშეკრულებებით) და ყველანაირად ცდილობს მის ტორპედირებას? მართლმადიდებლური კავშირი გაგიხარია სანაქებო საქმეა, მაგრამ ქართული სახელმწიფო უწინარეს ყოვლისა.

10. ეთნიკური პრობლემების მოგვარებაში რუსეთზე დაიმედებამ მიაღებინა ე.შევარდნაძეს მცდარი გადაწყვეტილება, როცა მომრიგებლად რუსეთი მოიწვია და ქვეყანა დსთ-ში გააწევრიანა. მაგრამ 1994 წლის შემდეგ იგი სერიოზულად გადაერთო ევროატლანტიკური ალიანსისაკენ.

11. პრობლემის მოგვარების სააკაშვილისეული გზა მიემართება არსაით: ეთნოკრატიას და რუსეთს ჩვენ ვეუბნებით უარს, ნატო ჩვენ გვეუბნება უარს ტერიტორიული პრობლემის მოგვარებამდე. წრე შეიკრა.