დონალდ ტრამპი: ამერიკა, გძარცვავენ - გაღვიძების დრო დადგა

დონალდ ტრამპი: ამერიკა, გძარცვავენ - გაღვიძების დრო დადგა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურის პაკეტის კანონპროექტს ამერიკის განადგურების კომუნისტური გეგმა უწოდა.

„ეს კანონმდებლობა ჩვენს ერზე, ჩვენს თემებსა და ამერიკულ ოცნებაზე თავდასხმაა. აღნიშნული გეგმა ჩვენს საზღვრებსა და კანონის უზენაესობას ანადგურებს და ჩვენი ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახდება. ეს კანონპროექტი გადასახადებს უპრეცედენტოდ ზრდის. ამასთანავე ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობთ, გაძვირდება. ამერიკა, გძარცვავენ - გაღვიძების დრო დადგა!“ - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

10 აგვისტოს აშშ-ის სენატმა ტრილიონი დოლარის ოდენობის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ინფრასტრუქტურის პაკეტის კანონპროექტის სახელით არის ცნობილი. კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა და მისი დანიშნულება ამერიკის ინფრასტრუქტურაში ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩადებაა.

კანონპროექტის მეორე პაკეტს, რომელიც თანხის დახარჯვას, ძირითადად, ჯანდაცვისა და კლიმატური ცვლილებების მიმართულებით ითვალისწინებს, „რესპუბლიკელები“ მხარს არ უჭერენ.