კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმერეთში  დეზინფომაციასთან გამკლავებაში 24 პედაგოგი გადამზადდა 

კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმერეთში  დეზინფომაციასთან გამკლავებაში 24 პედაგოგი გადამზადდა 

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დეზინფორმაციასთან გამკლავებაში, ქვემო ქართლის შემდეგ, იმერეთის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის პედაგოგები გადაამზადა. „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - ტრენინგი იმერეთის ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ქუთაისის, ხონის, ჭიათურის, საჩხერის, ვანის, გურნის, ჭორვილას სკოლების 24 პედაგოგს ჩაუტარდა.

მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის  იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომელსაც სატრენინგო მოდული მოიცავს. ტრენინგის ფარგლებში, პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. მათ ისწავლეს პრაქტიკული მეთოდები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ტრენინგის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება. სერტიფიცირებული ტრენინგის მიზანია, პედაგოგებმა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები განივითარონ და მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაუზიარონ.