„2008 წლის ომიდან 13 წელი გავიდა. ეს ტკივილი არ განელებულა. დღესაც, ხვალაც და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ამ დიდ ტრაგედიაზე და ამასთან ერთად, არის ერთი რამ, რაც მუდმივად საფიქრალია - როგორ გაერთიანდეს და გამთლიანდეს საქართველო. ჩვენს გმირებს ამაზე უკეთეს საქმეს ვერაფერს გავუკეთებთ და ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი საერთო სახლის მშენებლობაში,“ - ამის შესახებ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამთლიანება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გმირთა ხსოვნისათვის გაკეთდეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობა 2 232 შეადგენს. საცხოვრებელი დაკარგა არაერთმა ადამიანმა. დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.