ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციასა და კომუნიკაციების კომისიას შორის MVNO რეგულაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციასა და კომუნიკაციების კომისიას შორის MVNO რეგულაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციასა და კომუნიკაციების კომისიას შორის საქართველოში მობილური ვირტუალური ოპერატორის ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვირტუალური მობილური ქსელის ასოციაციაში კომპანია ინექსფონი, მაიფონი და ჯიენსი არიან გაერთიანებული. სამივე კომპანია დაინტერესებულია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებთან ერთად, როგორებიც - მაგთიკომი, სილქნეტი, ვიონი საქართველო არიან - განავითარონ ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი.

ასოციაციის უმთავრესი მიზანია, MVNO ქსელის განვითარებით აბონენტებისთვის ინოვაციური სერვისებისა და განსხვავებული, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პაკეტები შეიქმნას.
ასოციაციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია, იმ ბარიერების შესახებ, რომელიც MVNO დანერგვის პროცესში აქვთ. ამას გარდა, კომისიას გაუზიარეს ინფორმაცია MVNO-ს კუთხით კომპანიების სამოქმედო სტრატეგიასა და ხედვაზე, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მოლაპარაკების რა ეტაპზე არის თითოეული ოპერატორი მაგთიკომთან, სილქნეტთან და ვიონი საქართველოსთან. მათი აზრით, დღესდღეობით, სამწუხარო რეალობის წინაშე დგანან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სამივე მობილური ოპერატორი საჯარო თანხმობას აცხადებს MVNO-ს მსურველი სუბიექტების თავიანთ ქსელთან დაშვებაზე, რეალური და ხელჩასაჭიდი ნაბიჯები დაახლოებით 1 წელია ამ მიმართულებით მათი მხრიდან არ გადადგმულა. რაც, ერთი მხრივ, აფერხებს უშუალოდ პროექტის განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, ნეგატიურად აისახება MVNO-ს კანდიდატების ადამიანურ და ფინანსურ რესურსზე, რადგან კომისიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასოციაციის თითოეულმა წევრმა აქტიურად დაიწყო რეალური ქმედებები, რაც, ბუნებრივია, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, MVNO-ს იმპლემენტაციის ვადები კი დღემდე ბუნდოვანია.

მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან და ხელოვნური ბარიერების შექმნის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. ამას გარდა, კომისიის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც, ბუნებრივია, უშუალოდ აისახება ბოლო მომხმარებლების, მოსახლეობის, ინტერესებზე.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს აბონენტის უფლებების და ინტერესების დაცვა. კომისიის წარმომადგენლების განმარტებით, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების გამოჩენით შეიქმნება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებზე მორგებული მობილური სერვისები. ამასთანავე, ბაზარზე ახალი სუბიექტების შემოსვლა გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოსაც და ის მომგებიანი იქნება, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე, ისე - ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორებისთვისაც, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს მიღებულ №9/156 გადაწყვეტილებამ, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სავალდებულო გამხდარიყო მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქსელთან დაშვება, თავდაპირველად საკმაოდ არაერთგვაროვანი და ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია სამივე მობილური ოპერატორის მხრიდან. თუმცა, დღეის მდგომარეობით მაგთიკომმა, სილქნეტმა და ვიონი საქართველომ არაერთხელ გამოხატა სიტყვიერი მზაობა MVNO კანდიდატებთან ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვაზე. შესაბამისად, ასოციაციის წევრები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სიტყვიერი დასტური თანამშრომლობასთან დაკავშირებით რეალურ ვადებში გადაიზრდება სამუშაო შეხვედრებში და 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში მცხოვრები მობილური სერვისებით მოსარგებლე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ბევრად უფრო ფართო არჩევანი ექნება როგორც ოპერატორების, ასევე - ინოვაციური სერვისების კუთხით.