2013 წლის 23-24 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ექსკლუზიურად განუცხადა. მისი თქმით, ის ევროპის სამბოს პრეზიდიუმის სხდომაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთ საკითხად ოლეგ იაძის ,,ბელორუსად” მოხსენიების ფაქტი განიხილეს. ამიერიდან, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,საქართველოს” სახელით წარდგება.
,,მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება სამბობს ფედერაციაში ,,საქართველოს” სახელით წარდგენის უფლებას არ მაძლევდა. შაბათ-კვირას მე ვიმყოფებოდი მოსკოვში, სადაც მაისში გასამართი ევროპის სამბოს ფედერაციის სხდომის საკითხები განიხილეს. ევროპის სამბოს პრეზიდიუმის სხდომაზე ჩემს გასვრივ კვლავ ეწერა ,,ბელორუსი”, თუმცა ეს პრობლემა მოიხსნა. საქართველოს სამბოს ფედერაციიდან სპეციალური მიმართვა წავიღე და, ამიერიდან, კონგრესზე უკვე საქართველოს სახელით გამოვალ. იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ სახელს მართმევდა, საერთაშორისო ფედერაციაში წარდგენის უფლებას ბელორუსიის ქვეყანა მაძლევდა” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
გარდა ამისა, 23-24 მარტს მოსკოვში სამბოს დამაარსებლის ხარლამპიევის სახელობის ტურნირი გაიმართა. იაძე ამბობს, რომ ამ შეჯიბრზე საქართველოდან სულ 20 კაციანი შემადგენლობა იმყოფებოდა.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ოლეგ იაძე მოსკოვში ამავე მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნებისას ის აეროპორტიდან მაშინდელი ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის კაბინეტში წაიყვანეს. მისი თქმით, კაბინეტში ვარძელაშვილი იარაღის ტრიალით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იაძე ამბობს, რომ ამ ღონისძიებებზე, მას როგორც ევროპის სამბობს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, წელიწადში სამჯერ მიიწვევენ.