გიორგი ვაშაძე:  ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა - ცოტა ასეთი სუნი მცემს

გიორგი ვაშაძე:  ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა - ცოტა ასეთი სუნი მცემს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმება, თუ სალომე ზურაბიშვილი მკაფიო და კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრების გამართვა ილუზიის შექმნაა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არცერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში. ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში. ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, როდესაც ის ყოველთვის კვერის დამკვრელია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების.

„თუ ის მართლა ფიქრობს, რომ პრეზიდენტია და პრეზიდენტის ინსტიტუციის წარმომადგენელია, ის ესწრებოდა, მისი თანდასწრებით მე ვესაუბრებოდი შარლ მიშელს და ვუთხარი, რომ მისი გარანტიის ქვეშ ვაწერდი ხელს ამ შეთანხმებას. სად არის მისი განცხადება აქამდე? თუ უნდა რომ პატივი ვცეთ, მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუცია და ზურაბიშვილი სხვადასხვაა ერთმანეთისგან. ერთი რამ ვიცი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ სექტემბერში და 43%-ზე ნაკლები უნდა მივაღებინოთ „ქართულ ოცნებას“, რაც აბსოლუტურად რეალისტურია. ამის შემდეგ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, ჩართულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ხვალაც გვექნება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. არ გააკეთებენ ამას? - არ ასცდებათ სანქციები, რომელზეც საუბარი აქტიურადაა. 19 აპრილის შეთანხმება ჩვენთვის არსებობს, ხალხისთვის არსებობს, დიპლომატიური კორპუსისთვის არსებობს, დასავლეთისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის არსებობს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არ არსებობდეს შარლ მიშელის შეთანხმება, რადგან ეშინიათ 43%-იანი რეფერენდუმის“, - განაცხადა ვაშაძემ.