თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს

თამარ გაბუნია: ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში პიკი უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს

დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა, ეს მაჩვენებელი 75-80%-ს აღემატებოდა, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.