ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს, ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს, ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას

ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს, ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ; გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ზოგადად, ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენს ქვეყანაში; მეორე მხრივ, ის რომ მოვახერხეთ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ არის ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი. ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გამოყენება, სწორი ახსნა მოსახლეობასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა.

„ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, პროცესი და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის.

კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მოსახლეობას, გასულ წელს, როდესაც იყო ჩაკეტილი და რეალურად დაკეტილი ქვეყანა, ათასობით, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ისხდნენ სახლში და შემდეგ მიიღეს 200 ლარიანი დახმარება, რაც ჩვენ შევძელით. ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ერთი მხრივ, დავიცვათ რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მომდინარეობს, დავუჯეროთ ჩვენს ექიმებს, ჩვენს მეცნიერებს და ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა. მთავარი არგუმენტი, რაც მოსახლოებას მინდა ვუთხრა, დაინფიცირების შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდეს ესა თუ ის შემთხვევა, მით უმეტეს, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ძალიან ბევრ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდა კორონავირუსი და უბედურება დაემართა; ჩვენ გარშემო ბევრია ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა; თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ შემთხვევას მსოფლიოში. ზოგადად, ასეთი ტენდენციაა. შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს და ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია. გვაქვს „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები ხელმისაწვდომი საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.