რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს. ივანე ჩხაიძის განმარტება

რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს. ივანე ჩხაიძის განმარტება

„თავიდან, როდესაც დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია. მაშინ, ვამბობდით, რომ კორონავირუსი ძალიან ცუდი ვირუსია, რადგან 2-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე - გრიპი. „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ეს ციფრი გახდა 8. ანუ, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების პიკის მიღწევიდან 4-6 კვირის შემდეგ, როგორც წესი, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მატულობს პოსტკოვიდური გართულებებით შეყვანილი ბავშვების რაოდენობა.

„პაციენტების მიღების თვალსაზრისით, ერთთვიანი პაუზა გვქონდა, რადგან მართლაც შემცირებული იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო დღეებია, პაციენტების ნაკადი კვლავ მატულობს. ველით, რომ მომდევნო 2-3 კვირის შემდეგ, ნაკადი კიდევ უფრო მოიმატებს. ეს თანხვედრაშია იმ მატებასთან, რომელიც საქართველოში 27 ივლისს იყო. ძირითადი ვარიანტია „დელტა“. ის უფრო მეტი სიხშირით ვრცელდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში. მისი კიდევ ერთი თვისებაა, რომ უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს და მეტად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა; ეს შტამი 136%-ით მეტად იწვევს ლეტალობას, გარდაცვალებას, ვიდრე - ჩვენთვის ნაცნობი და ერთ დროს საშიში ბრიტანული შტამი. ასე რომ, კორონავირუსის ყველა მუტაციას შორის, ეს ყველაზე მძიმე ვარიანტია. სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ, მათ შორის, „დელტა“ გამორჩეულია. როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია. მაშინ, ვამბობდით, რომ კორონავირუსი ძალიან ცუდი ვირუსია, რადგან 2-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე - გრიპი. დელტა ვარიანტის შემთხვევაში, ეს ციფრი გახდა 8. ანუ, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს. ამ მაჩვენებლით, ის უკვე ჩუტყვავილას გაუტოლდა და წითელას შემდეგ, უკვე მეორე ვირუსია, რომელსაც, ამ მხრივ, გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვარიანტმა დაიწყო ცირკულირება, შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა - ორჯერადი ვაქცინაციისა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 419 534 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 382 393, გარდაიცვალა 5820 პაციენტი.

26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა 24 ივლისს შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.