„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, არასდროს უჭერდა მხარს ბოიკოტს, რადგან პარლამენტს მიღმა, მოსახლეობისთვის სასიკეთო საქმე ვერ გაკეთდება.
„მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგული ყოფილიყვნენ იმ დოკუმენტისა, რომელიც გაფორმდა და იმ ვალდებულებისა, რომლებიც მათ აიღეს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ჯეროვნად ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა, აკონტროლოს მთავრობა და არა იყოს გარეთ, არ დარჩეს პარლამენტს მიღმა. ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას, ბრძოლაში სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
კითხვაზე, გადაიხედება თუ არა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, კრამონმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ევროპარლამენტში მიკროსაფინანსო ტრანშის შეჩერებაზე ფიქრობენ.
„კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე. მე პროცედურებზე, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მარკეტა გრეგორიევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მაკროფინანსურ დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-თან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.