„ჩვენთან ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - ახალ შემთხვევათა რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, ბოლო 7 დღის, ბოლო 2 კვირის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ივნისთან შედარებით, ყველა ეს მაჩვენებელი გაუარესებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ფაზაში შედის.
„მესამე ტალღა, გარკვეულწილად, გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. შემთხვევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე სჭარბობს მესამე ტალღის, 17 მაისის მონაცემს. 17 მაისიდან შემცირების ტენდენცია იყო და ის საკმაოდ კარგად გაგრძელდა, მაგრამ ის არ ჩამოსულა დამაკმაყოფილებელ დონეზე. 25-26 ივნისიდან ისევ ზრდა დაიწყო. დღეს ისევ ზესვლა, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა აბსოლუტურ რიცხვში იზრდება, ზრდის ტემპი, გარკვეულწილად, შემცირებულია. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომდევნო 10 დღის, ორი კვირის შემდეგ, ნელი ტემპით, ქვესვლა იქნება. ახლა ჩვენ შემდგომ პიკს გავდივართ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.