საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში ყოფნისას უკმაყოფილება საჯარო მოხელეების მასობრივად დახვედრის გამო გამოხატა. ეს რეაქცია მან ჟურნალისტების თვალწინ ვერ დამალა: ,,მოიცა ხალხს მივესალმო, გამარჯობათ” – მიმართა მათ, თუმცა ცოტა ხანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუბრუნდა და ჰკითხა: ,,ეს რა ხალხია, გამაგებინეთ?”
პრემიერს ეგონა, რომ ადმინისტრაციული შენობის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ელოდებოდა, თუმცა ისინი საჯარო სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდა. ,,მე მგონი არ იყო საჭირო ამდენი მობილიზება” – განუცხადა ხელმძღვანელ პირებს პრემიერმა.
ქარმა ადმინისტრაციული შენობის ის სახურავიც დააზიანა, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე 30 000 ლარად სარეზერვო ფონდის თანხებით გადაიხურა. ეს სახურავი შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის კაბინეტს ფარავს. გუბერნატორი ბარნოვი ორი დღეა გორში არ გამოჩენილა.