ალექსანდრე მიშველიძე:  მხარედ ქცეული არასამთავრობოების მიზანია გავლენა ჰქონდეთ ცესკოზე და მათი კარნახით წარიმართოს ნებისმიერი პროცესი

ალექსანდრე მიშველიძე:  მხარედ ქცეული არასამთავრობოების მიზანია გავლენა ჰქონდეთ ცესკოზე და მათი კარნახით წარიმართოს ნებისმიერი პროცესი

ანალიტიკოს ალექსანდრე მიშველიის თქმით,  ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები აზიანებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციას.

“საპარლამენტო არჩევნებზე, ვითომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლების გაყალბებულმა შედეგებმა, ქვეყანა ლამის რევოლუციამდე მიიყვანა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შედეგების აღმოფხვრა ამ დრომდე რთულდება. მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს  დანაშაულის განცდაც კი არ ჰქონიათ მიზანმიმართული შეცდომის გამო”, - აცხადებს  ალექსანდრე მიშველიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შერყევა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანებაა.

„გავლენიანი  არასამთავრობო ორგანიზაციები არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე დამოკიდებული აქტორები. მათ თუ არ ექნებათ საარჩევნო ადმინისტრაციაზე საკუთარი გავლენა, მაშინ ისინი ნებისმიერ კანდიდატს გამოაცხადებენ მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებლად და ნდობას არ გამოუცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციას. მხარედ ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენს პარტიული გავლენებისგან დაცლილი საარჩევნო ადმინისტრაცია და სამართლიანი არჩევნები, არამედ მათი მიზანია - გავლენა ჰქონდეთ ცესკოზე და მათი კარნახით წარიმართოს ნებისმიერი პროცესი. პოლიტიკური კონსენსუსი, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მხოლოდ მისთვის მისაღები კანდიდატურების არჩევა იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე. სხვა კანდიდატებს, ტრადიციულად, ხელისუფლების მიერ მართულებად მოიხსეინებენ და განხილვის პროცესშივე იწყებენ არასამართლიან არჩევნებზე საუბარს.
 მსგავს განცხადებას აკეთებს ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე, წინა ხელისუფლების პირობებში,  საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. 
სწორედ იმ ხელისუფლების დროს ხდებოდა პარტიული თანამდებობის პირებით ცესკოს დაკომპლექტება”, - აცხადებს მიშველიძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესი “შარლ მიშელის დოკუმენტის” სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგან ხელისუფლების მიზანი არ არის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობების  პოლიტიკური კონსენსუსით დაკომპლექტება.