მამუკა მდინარაძე ISFED-ის პარალელურ დათვლაზე: არავის სჯერა, რომ ფორმულა შეეშალათ - ეს იყო გამიზნული, დადგმული სპექტაკლის ნაწილი

მამუკა მდინარაძე ISFED-ის პარალელურ დათვლაზე: არავის სჯერა, რომ ფორმულა შეეშალათ - ეს იყო გამიზნული, დადგმული სპექტაკლის ნაწილი

„ეს იყო გამიზნული, ეს იყო დადგმული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი და ეს იყო პოლიტიკური თაღლითობისა თუ მავნებლობის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გამოეხატა დიდი უნდობლობა არჩევნების მიმართ, აღშფოთებულიყვნენ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, დათვლის შედეგები არა შეცდომა, არამედ - მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიზანი იყო.

„აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ადრე ასეთი რამ არ უკადრია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცესკოს მონაცემებს არ ემთხვეოდა უბრალოდ მათი მონაცემები. მეორე დღიდანვე, ჩვენ ეს დასკვნა ვამხილეთ, დროშიც დააგვიანეს, რაც ასევე უპრეცენდენტო იყო, იმიტომ, რომ იქ რაღაც სხვა ხდებოდა თურმე სინამდვილეში, ანუ, რასაც ლაპარაკობდნენ ცესკოზე, თურმე, იქით ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ „ISFED“-მა და მისმა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა, იკადრეს და გააყალბეს პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა. კადრების შემდეგ, როდესაც მეორე-მესამე დღიდანვე, ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რომ რამენაირად გამოეჩინათ კეთილი ნება და რამე მონაცემი მაინც მოეცათ, დიდი ხნის განმავლობაში, ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები, იმიტომ, რომ ეს მონაცემები იყო გაყალბებული. არცერთ გულუბრყვილო ადამიანს არც ამ დარბაზში, არც მედიასაშუალების წარმომადგენლებს და არც თქვენ, არ გჯერათ, დარწმუნებული ვარ, იმის, რომ ფორმულა შეეშალათ. ერთი ჩემი კოლეგა, ამ დარბაზში, პრივატულ საუბარში მიმტკიცებდა, რომ ისინიც დაინტერესდნენ ამ თემით და ეს იყო უბრალოდ შეცდომა. თუ ეს იყო შეცდომა, მე ვსვამ მარტივ კითხვას: როდესაც მე პირადად, მესამე დღეს არჩევნებიდან, ჩავატარე ბრიფინგი და ამ შეცდომის შესახებ ვაუწყე „ISFED“-ის წარმომადგენლებს და ვუთხარი, ამის მიზეზებზე ესაუბრათ, მაშინ რატომ არ მოხდა მეორე დღესვე ასეთი მარტივი ტექნიკური შეცდომის გამოსწორება და რატომ მოხდა ეს ერთი თვის თუ თვენახევრის შემდეგ. იმიტომ, რომ ეს იყო გამიზნული, ეს იყო დადგმული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი და ეს იყო პოლიტიკური თაღლითობისა თუ მავნებლობის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გამოეხატა დიდი უნდობლობა არჩევნების მიმართ, აღშფოთებულიყვნენ და ეს იყო, საბოლოო ჯამში, მაინც, გაგიკვირდებათ, ისევ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიზანი. ეს იყო ერთიანი შეკრული გუნდი პოლიტიკური თაღლითობისთვის, საქართველოში სიტუაციის ასარევად, ესეც მარტივი და უაპელაციოდ გასაზიარებელი ისტორიაა“,- აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა საზოგადოებამდე რეალური, სწორი და ობიექტური ინფორმაცია მისულიყო.

„ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი, უკვე ხვდება, რაში იყო საქმე, რომ მათ მოატყუეს. ამ ტრიბუნიდან ერთხელ ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენსაც ამას ჩვენი ამომრჩეველი აბედინებს. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, რამდენს აბედინებთო, მაგრამ ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, ეკვივალენტში გადატანილს, რამდენი ადამიანიც მათ უჭერს მხარს და ეს ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობაა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, დამეთანხმებით, არ არის ცოტა. არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, მაგრამ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე გვაქვს საუბარი. თქვენ, კიდევ ერთხელ, სასტიკად მოგატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა. დადგენილების პროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.