შალვა პაპუაშვილი: ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები, ალბათ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ

შალვა პაპუაშვილი: ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები, ალბათ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ

დღემდე არ აღიარებენ, რომ არჩევნებში ქართველი ხალხი მათ არ აძლევს მანდატს, აძლევს ოპოზიციის ადგილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობაზე“ განაცხადა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ. პაპუაშვილის თქმით, დღემდე მთავარი გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაყალბებულ აღქმებს ქმნიან.

„ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები. ალბათ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ. სწორედ ასე მუშაობს დეზინფორმაცია, სწორედ ასე მუშაობს სელექციური მიდგომა. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი გამოწვევა და იგი რჩება მთავარ გამოწვევად. ტვირთავენ ადამიანების ტვინებს და შემდეგ ქმნიან რაღაც აღქმებს, განცდებს, განწყობებს და ამ განწყობებით გამოაქვთ ადამიანებს დასკვნები, ნაცვლად ფაქტებისა და მტკიცებულებებისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იგი ასევე შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების 4 ნოემბრის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებული აღქმები კიდევ უფრო გააძლიერა.

„აღმოჩნდა, რომ 4 მთავარი კრიტიკა, რომელიც იმ განცხადებაში იყო, ოთხივე პრეტენზია ტყუილი იყო. თითიც არ გაუტოკებიათ იმისთვის, რომ გადაემოწმებინათ. პრობლემა სწორედ ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ დღემდე არცერთი არჩევნები არ აღიარა. დღემდე არ აღიარებენ, რომ არჩევნებში ქართველი ხალხი მათ არ აძლევს მანდატს და რომ ქართველი ხალხი მათ აძლევს ოპოზიციის ადგილს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.